კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი
HomeArticles
Facebook

ჯეიმს გვართნი, გამორჩეული ეკონომისტი და განმანათლებელი

EFI
22.01.24

„EFI“-ის ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს ჯეიმს (ჯიმი) გვართნის გარდაცვალების გამო.

„EFI“-ის ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს „საღი აზრის ეკონომიკის“ წამყვანი ავტორის და „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის“ თანაავტორის ჯეიმს (ჯიმი) გვართნის გარდაცვალების გამო. ჯიმი, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, იყო ფრაზის - „ჯენტლმენი და მეცნიერი“ - განსახიერება. მან თავისი კარიერა მიუძღვნა ეკონომიკის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ყველა დონეზე.  ![](https://res.cloudinary.com/econfun/image/upload/v1705062239/DSC_0331-resized3_hewm25.jpg) ჯიმი აქტიურად უჭერდა მხარს „EFI“-ის და ჩვენს მისიას გავაუმჯობესოთ ეკონომიკური წიგნიერების და განათლების ხარისხი. გვაქვს პატივი წვლილი შევიტანოთ მისი მემკვიდრეობის განვითარებაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში „საღი აზრის ეკონომიკის“ ცხრა ენაზე გამოცემული რედაქციის გავრცელებით. ჩვენი ავტორების გულუხვობის წყალობით, წიგნის ჩამოწერა უფასოდ არის შესაძლებელი ვებგვერდიდან econfun.org, რეკომენდებული საკითხავია ეკონომიკის ყოველწლიურ ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებისთვის და „EFI“-ის „მასწავლებლის გზამკვლევის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის წიგნის თანაავტორების, პროფესორების ჯოზეფ კალჰუნის და თაუნი ჰანთ ფერარინის მიმართ. გვაქვს პატივი გაგიზიაროთ ჯეიმს გვართნის კოლეგის, ბობ ლოუსონის მიერ დაწერილი სამძიმრის წერილი, რომელიც [ეკონომიკური კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა](https://www.aier.org/article/remembering-james-gwartney-1940-2024/) გამოაქვეყნა. # ჯეიმს გვართნის მოგონება, 1940-2024 წ.წ. ![](https://res.cloudinary.com/econfun/image/upload/v1705052470/webpc-passthru_cmtkst.webp) ჯეიმს (ჯიმ) გვართნი მშვიდად გარდაიცვალა 83 წლის ასაკში საკუთარ სახლში ტალაჰასიში (ფლორიდის შტატი) 2024 წლის 7 იანვარს. 53 წლის განმავლობაში გვართნი იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (FSU). მან თავი დაგვამახსოვრა, როგორც წარმატებულმა მეცნიერმა, ეკონომიკურმა განმანათლებელმა და ინტელექტუალურმა პიროვნებამ. გვართნი კანზასის სოფელში დაიბადა. ის თავისი ოჯახის ფერმაში მუშაობდა. თავდაპირველად სწავლა ერთოთახიან სკოლაში დაიწყო. მოგვიანებით ჯიმმა თქვა, რომ სწორედ ამ დაწესებულებაში გაუჩნდა მას სწავლების სურვილი, რადგან სოფლის სკოლაში მაღალი კლასის მოსწავლეები პატარებს ასწავლიდნენ. სკოლის შემდეგ გვართნიმ კანზასის ოტავის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მას ასწავლიდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალი ხელმძღვანელი ვეინ ენჯილი. ჯიმმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოიპოვა, სადაც დაწერა დისერტაცია შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციის ეკონომიკის შესახებ. დისერტაცია პრესტიჟულ „American Economic Review“-ში გამოქვეყნდა. ეს მისი პირველი პუბლიკაცია იყო. ვაშინგტონში ჯიმმა არაერთი კურსი გაიარა ნობელის პრემიის მომავალ ლაურეატთან, დუგლას ნორსთან, და სწორედ მაშინ დაინტერესდა ინსტიტუციური ეკონომიკით. მიკროეკონომიკა ისეთ ბუმბერაზებთან შეისწავლა, როგორებიც იყვნენ ვოლტერ ოი (ის უსინათლო იყო და მომდევნო წლებში ჯიმის შთაგონებად იქცა) და იორამ ბერზელი, ხოლო საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკის კურსი გაიარა ტომ ბორჩერდინგთან, რომელიც ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატის, ჯეიმს ბუკენანის, სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს, ჯიმმა პროფესორად დაიწყო მუშაობა ტალაჰასის ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის აქ 2022 წლამდე დარჩა. თავდაპირველად იგი ნაშრომებს აქვეყნებდა წამყვან ჟურნალებში და ამგვარად იმსახურებდა თანამდებობებს და დაწინაურებებს. თუმცა, მისი ყველაზე დიდი დამსახურება საზოგადოების წინაშე გაღებული წვლილია. სიცოცხლის ბოლომდე გვართნი ნაშრომებს აქვეყნებდა სამეცნიერო ჟურნალებში. მისი მემკვიდრეობა სამ სფეროს მოიცავს: ჯერ ერთი, ის იყო ეკონომიკის წამყვანი განმანათლებელი. მისი სახელმძღვანელო: „ეკონომიკა: კერძო და საზოგადოების არჩევანი“ თავდაპირველად 1976 წელს გამოქვეყნდა. მალე წიგნის მე-18 რედაქცია გამოვა. წლების მანძილზე მისი თანაავტორები იყვნენ რიჩარდ სტროუპი, რასელ სობელი და დევიდ მაკფერსონი. სახელმძღვანელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ისაა, რომ ეკონომიკის ნებისმიერი რეალისტური გაგება ჩვენგან საჭიროებს არა მხოლოდ ბაზრის წარუმატებლობის, არამედ, საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკის მიგნებების საფუძველზე, სახელმწიფოს მარცხის მიზეზების გააზრებასაც. სახელმწიფოს მარცხის იდეა თანდათანობით ბევრ, თუმცა არა ყველა, ეკონომიკურ სახელმძღვანელოში გაჩნდა, თუმცა სწორედ გვართნის სახელმძღვანელოში ვხვდებით მას პირველად. წიგნში ასევე გაპროტესტებულია გავრცელებული კეინზიანური მაკროეკონომიკური შეხედულება, თითქოს ეკონომიკის მართვას უნდა ახორციელებდნენ ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ცენტრალიზებული ორგანოები, რათა მან გზიდან არ გადაუხვიოს. 1993-94 წლებში გვართნიმ დროებით დატოვა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რათა თავისი სახელმძღვანელოთი ესწავლებინა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში პრაღაში. ამ დროს ახალი ჩამოშლილი იყო ‘რკინის ფარდა’. ჯიმს სურდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ესწავლებინა სტუდენტებისთვის, რომლებისთვისაც მხოლოდ ცენტრალიზებული დაგეგმვა იყო ნაცნობი. მომდევნო წლებში გვართნიმ, თანაავტორებთან - რიჩარდ სტროუპთან, დვაით ლისთან, თაუნი ფერარინისთან და ჯოზეფ კალჰუნთან - ერთად შექმნა „საღი აზრის ეკონომიკა: რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის“. წიგნი და მასზე დართული სასწავლო მასალები წარმოადგენს ეკონომიკის და პერსონალური ფინანსების შედარებით მარტივ შესავალს. დაბოლოს, გვართნიმ თავისი კარიერა დაასრულა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალი საწარმოებისა და ეკონომიკური განათლების განვითარების, გას ა სტავროსის სახელობის, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, სადაც ის მუშაობდა ფლორიდასა და მის ფარგლებს გარეთ K-12 ეკონომიკური განათლების სფეროს მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. მეორეც, გვართნი გვემახსოვრება, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების (EFW) ინდექსის დამფუძნებელი, რომელსაც კანადის ფრეიზერის ინსტიტუტი აქვეყნებს. ინდექსი როუზ და მილტონ ფრიდმანების და ფრეიზერის ინსტიტუტის დამფუძნებლის - მაიკლ ვოლკერის ორიგინალური იდეაა, რომლებმაც 1980-იანი წლების ბოლოს არაერთი კონფერენცია მოიწვიეს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების რაოდენობრივი შეფასების შექმნის მიზანშეწონილობის გამოკვლევის მიზნით. გვართნი ხშირად იხსენებდა, როგორ მიიღო მიწვევა 1988 წელს ვანკუვერში ამგვარ მეორე შეხვედრაზე. ის თავიდან უარის თქმას აპირებდა (ფიქრობდა, რანაირად შეიძლება ეკონომიკური თავისუფლების გაზომვაო?), სანამ არ ნახა მილტონ ფრიდმანისგან გამოგზავნილი პერსონალური მოსაწვევი. ჯიმმა მიიღო მოწვევა. ბანფში გამართულ მესამე შეხვედრაზე გვართნიმ და ვოლტერ ბლოკმა (იმ დროისთვის თავის ასპირანტ რობერტ ლოუსონთან ერთად) დასახეს ბევრი ქვეყნის მცირე, მაგრამ ამავდროულად მოპოვებადი, რაოდენობის ინდიკატორების საფუძველზე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შექმნის გეგმა. ამ ინდექსის პროტოტიპები წარმოადგინეს მეოთხე და მეექვსე შეხვედრებზე, ხოლო საბოლოო პროდუქტი 1996 წელს გამოქვეყნდა. ამის შემდეგ მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების (EFW) ინდექსი ყოველწლიურად გამოიცემა და დღეისათვის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს წარმოადგენს 165 ქვეყანაში, რამდენიმე ათეული ინდიკატორის საფუძველზე. მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ და სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან უპასუხონ უხერხულ შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მათ ქვეყანაში უფრო დაბალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ან რატომ იკლებს ეს მაჩვენებელი. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა აკადემიურ წრეებზე. დღეის მდგომარეობით, EFW ინდექსი 1,300-ზე მეტი სტატიაშია ნახსენები. ამ სტატიების უმრავლესობაში ვკითხულობთ, რომ ეკონომიკური თავისუფლება უკავშირდება მაღალ შემოსავალს, სწრაფ ზრდას და სასიკეთო შედეგების ფართო სპექტრს ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, სამოქალაქო უფლებები და მშვიდობა. 2009 წელს გვართნიმ ასე შეაჯამა თავისი ნაშრომები ეკონომიკური თავისუფლებაზე: "ბოლო 15 წლის განმავლობაში ეკონომისტები სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ ინსტიტუციურ ფაქტორებს დიდი გავლენა აქვს ინვესტიციის დონესა და პროდუქტიულობაზე, ეკონომიკის ზრდის ტემპზე და შემოსავლის დონის ცვალებადობაზე ქვეყნების მიხედვით. ზოგიერთი ექსპერტი აპროტესტებს „ინსტიტუციურ წესს“. ჩემი სურვილი არ არის ამ პოზიციის დაცვა, თუმცა ცალსახად მიმაჩნია, რომ ინსტიტუტები მნიშვნელოვანია და მათ უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვთ.“ და მესამეც, გვართნიმ თავი დაგვამახსოვრა, როგორც ინტელექტუალურმა პიროვნებამ. სახელმძღვანელოსა და მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე მუშაობამ გვიჩვენა, რომ გვართნი არასოდეს კმაყოფილდებოდა უბრალოდ სტატიის გამოქვეყნებით ჟურნალში სხვა ეკონომისტებისთვის. მას სურდა უფრო ფართო საზოგადოებაზე წვდომა და პოლიტიკაზე ზემოქმედება. რენდი ჰოლკომბთან და რობერტ ლოუსონთან ერთად მთავრობის ოპტიმალური ზომის და მასშტაბის კვლევის ჩატარების შემდეგ 1998 წლის კონგრესის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისთვის (JEC), გვართნი ამ უკანასკნელის უფროსი ეკონომისტი გახდა (1999-2000). ეს გამოცდილება დაეხმარა მას თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომისტების პატარა გუნდით შეხვედროდა პუტინს რუსეთში, მისი ეკონომიკური მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის, მოწვევით. დღეს ეს აღარავის ახსოვს, მაგრამ თანამდებობაზე ყოფნის ადრეულ წლებში პუტინს საბაზრო ლიბერალური რეფორმების მხარდამჭერად მიიჩნევდნენ. ფაქტობრივად, გვართნის ვიზიტის შემდეგ რუსეთმა მალევე შეამცირა მოგების გადასახადის ზედა ზღვრული განაკვეთი საბჭოთა დონიდან (80%) ისტორიულ მინიმუმამდე (13%). თავდაპირველად რუსეთის ეკონომიკა ყვაოდა, სანამ პუტინი უარს იტყოდა მის მიერ დაწყებულ ლიბერალურ რეფორმებზე, და რუსეთი კლეპტოკრატიულ მეთოდებს დაუბრუნა. ამ მარცხის მიუხედავად, რუსეთში გვართნის გამოცდილებამ წარმოაჩინა ჯიმის გრძელვადიანი სურვილი, გასცდეს შეზღუდულ წრეს და ცოდნა გაუზიაროს მთელს სამყაროს. გვართნი მონ პელერინის საზოგადოების წევრი, ხოლო 2007-2008 წლებში სამხრეთ ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი იყო. ჯიმი დიდხანს იყო დაკავშირებული კერძო სამეწარმეო განათლების ასოციაციასთან (APEE). ის იყო ამ უკანასკნელის პრეზიდენტი, მიღებული აქვს ადამ სმიტის პრესტიჟული ჯილდო და ასევე (თავის მეუღლესთან - ემისთან ერთად) APEE-ს კლარკ-კენტ-არონოფის ჯილდო გაწეული სამსახურისთვის. გვართნის ინსტიტუტი, რომლის მისიაა ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური სამართლის და ადამიანების წარმატების შესწავლა, ჯიმის პატივსაცემად დაფუძნდა მის ალმა მატერში - ოტავის კოლეჯში 2018 წელს. 2022 წელს პენსიაზე გასვლისას ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ჯეიმს და ემი გვართნების სასტიპენდიო ფონდი [(შემოწირულება)](https://give.fsu.edu/Donate/Express/519c1c9b-f6cc-47f9-c532-08da2306c6a1). ჯიმ გვართნი უფრო მეტი იყო, ვიდრე დიდებული ეკონომისტი. ღმერთის მტკიცე რწმენა და ემის, მისი 61 წლის მეუღლის, მიმართ ერთგულება ბევრისთვის სანიმუშო იყო. ყველა, ვინც მას პირადად იცნობდა იცის, რომ ჯიმი უაღრესად კეთილი და გულუხვი ადამიანი იყო. გვართნის მრავალი ცხოვრებისეული გამოწვევა ხვდა წილად, რომლებსაც შთამაგონებელი მადლიერებით და ღირსებით უმკლავდებოდა. 1970-იანი წლების ბოლოს მან კიბო დაამარცხა, შემდეგ ებრძოდა თვალთან დაკავშირებულ პრობლემებს, რამაც საბოლოოდ 30-წლიან სიბრმავემდე მიიყვანა. ყოველივე ამის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ის განაგრძობდა სახელმძღვანელოს ახალ ვერსიებზე მუშაობას და იკვლევდა ეკონომიკურ თავისუფლებას.