კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი
HomeArticles
Facebook

"საღი აზრის ეკონომიკა" კომაროვში

შოთა ქათამაძე
06.02.22

კომაროვში ეკონომიკის სწავლება წიგნის - „საღი აზრის ეკონომიკა“ მიხედვით მიმდინარეობს

გასული წლის მაისში კომაროვის სკოლის დირექტორმა დამირეკა და შემომთავაზა თუ განვიხილავდი კომაროვში ეკონომიკის სწავლების პერსპექტივას. საკითხზე ფიქრისას ის საერთო ნაცნობები გაგვახსენდა, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეეძლოთ. ასე გავიცანით GELi და ეკონომიკის სახელმძღვანელო - „საღი აზრის ეკონომიკა“. ცხადია, არ იყო მარტივი ამ საგნის სწავლების დაწყება, მით უფრო, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ გვაქვს სკოლებში ეკონომიკის სწავლების აქტიური გამოცდილება. მეორე საკითხია მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებაც - ჩვენ მათ ვთავაზობდით აქამდე უცნობ სამყაროს და ყველანი ვღელავდით თუ რამდენად მოუნდებოდათ მათ მასში შებიჯება. ახლა უკვე მეორე სემესტრია, რაც ეკონომიკის კურსს ვასწავლი კომაროვში და მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზნები მიღწეულია. ამ ბლოგის მეშვეობით კი მსურს ვისაუბრო იმის შესახებ თუ რა მიზნები გვქონდა და გზად რა გამოწვევებს წავაწყდით. ვიდრე შედეგებზე ვისაუბრებდეთ, ორიოდ სიტყვას იმ ინსტრუმენტებზე გეტყვით, რითაც ჩვენი გუნდი გაკვეთილის ჩატარებისას ოპერირებს. Teacher Toolkit ეს არის პროფესიონალების მიერ შემუშავებული წიგნის დამხმარე მასალა - სლაიდები, მასწავლებლის გზამკვლევი და თემატური ამოცანები. ცხადია, გამართული სლაიდი წარმატებული გაკვეთილის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. როდესაც სლაიდი უკვე არსებობს, თუნდაც, არაპროფესიონალ ეკონომისტ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, გზამკვლევის დახმარებით, ჩაატაროს გაკვეთილი. საშინაო დავალებად კი წინასწარ შედგენილი, თითოეულ გაკვეთილზე მორგებული ამოცანები მისცეს კლასს. როგორც ხედავთ, ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ წიგნი, არამედ პროფესიონალების გუნდი თქვენ გთავაზობთ სრულ საგანმანათლებლო პაკეტს. მსგავსად ყველა საგნისა, ეკონომიკის სწავლებისასაც დავგეგმეთ, რომ მოსწავლეთათვის არ მიგვეწოდებინა წინასწარ შემუშავებული იდეოლოგია თუ ავტორიტეტზე დაფუძნებული აზრი. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ გაკვეთილზე საწინააღმდეგო აზრის გაჟღერება, რასაც ხშირად დებატების ფორმა ჰქონდა. ერთია, როდესაც მოსწავლე პასიურად მიიღებს ცოდნას მასწავლებლის მოსმენისას თუ წიგნის წაკითხვისას, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერი გზა ცოდნის მიღებისა ესაა ცოდნამდე თავად მისვლა. სწორედ ამიტომ მშრალი ფაქტების ნაცვლად, ყოველი გაკვეთილის სლაიდებზე დატანილი იყო შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა. კითხვებზე ფიქრისას ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე გაისმოდა - ევრიკა! ალბათ, ყველა მასწავლებელი დამეთანხმება, რომ ამაზე ბედნიერი წამი გაკვეთილზე არ არსებობს. ეკონომიკურ აზრს თავისი სპეციფიკა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები უამრავ საკითხზე არიან ჩამოყალიბებულნი მაინც რჩება რიგი თემები, რომელთა შესახებაც არაა ერთგვაროვანი პოზიცია. ჩვენი კურსი ემსახურება მოსწავლეებამდე თავისუფალი ბაზრის გარშემო არსებული მოძღვრების მიტანას. თუ თავისუფლების, როგორც აბსტრაქტული იდეის შესახებ დავიწყებდით საუბარს მოსწავლეებისთვის არ იქნებოდა ეს მარტივი გასაგები. შესაბამისად, ყოველი გაკვეთილი უხვად იყო დატვირთული იმგვარი მაგალითებით, რომლებიც თავისუფლების შესახებ მოძღვრებას მოსწავლეთათვის გასაგებად გადმოცემდა. ამას ყოველდღიური ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითებით ვანხორციელებდით. სხვა საკითხია მოსწავლეთათვის უხვი ეკონომიკური ტერმინების მიწოდება. მაგალითად, მოსწავლისთვის ძნელია გაარჩიოს კომუნალური გადასახადები მთავრობის მიერ დაკისრებული გადასახადებისგან (Tax). ზღვრული ანალიზი და ალტერნატიული დანახარჯები - ეს კონცეფტუალურად უმნიშვნელოვანესი ტერმინებია, თუმცა აღსაქმელად არც ისე მარტივია, მით უფრო მეათე კლასელი მოსწავლისთვის. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ აუცილებელია ამ ტერმინების მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებამდე დაყვანა. თუ ხვალ საკონტროლო აქვს მოსწავლეს და თან ფეხბურთის თამაში უნდა ეკონომიკის სახელმძღვანელო ურჩევს, რომ შეადაროს ერთი საათით თამაშის დანახარჯი იმავე დროში მეცადინეობისას მიღებულ სარგებელს და გადაწყვეტილება შესაბამისად მიიღოს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის სწავლების ამ საპილოტე პროგრამაში დიდი რაოდენობით მოსწავლეები არიან ჩართულნი. ჯამში 225 მეათე კლასელი მოსწავლე, სულ ცხრა პარალელი. მიგვაჩნია, რომ მოსწავლეთა ამ ჯგუფს ეკონომიკის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მიეცა. მიუხედავად მასშტაბური სტარტისა, ჩვენი მიზანია, რომ ეს დისციპლინა საქართველოს ყველა სკოლაში ისწავლებოდეს. შესაბამისად, ამ პერიოდში განათლების სამინისტროსთან გვქონდა ეკონომიკის სწავლების შესახებ კომუნიკაცია. ამ საუბრის ფარგლებში ვცდილობთ შევიმუშავოთ სქემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა პროფილის მასწავლებლების გადამზადებას რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ეკონომიკური საკითხების საჯარო თუ კერძო სკოლებში სწავლებას. არსებულ საკითხზე განახლებას ჩვენი გუნდი მალევე მოგაწვდით. ამ საპილოტე კურსის ფარგლებში კომაროვის სკოლის დირექციამ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია. მათ უზრუნველყვეს საკონტროლო წერების ჩატარება, რაც 225 მოსწავლის შემთხვევაში ერთ მასწავლებელს საგრძნობლად გაუჭირდებოდა. ასევე იგეგმება შიდა სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება ეკონომიკაში რათა მოსწავლეთა დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდოს. სკოლის ინიციატივითვე, დამატებით ფუნქციონირებს ეკონომიკის წრეც, სადაც სიღრმისეულად ვარჩევთ ეკონომიკურ პრობლემებს. სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სწავლება მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც მოსწავლეთა ინდივიდუალური ასევე მთლიანი საზოგადოების განვითარების გზაზე. ჩვენი გუნდი სრულად იზიარებს ამ პათოსს და დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის ამ კურსის გავლით მოსწავლეები შეიძენენ როგორც ცოდნას ასევე აზროვნების იმგვარ მანერას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება მათ წარმატებების მიღწევაში. ***