კონტენტზე გადასვლა
მთავარი
საღი აზრის ეკონომიკა:
რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის

ელემენტი 1.1

სტიმულებს დიდი მნიშვნელობა აქვს

ცვლილებები სარგებელსა და ხარჯებში, პროგნოზირებად გავლენას იქონიებს გადაწყვეტილების მიღებაზე.

მთლიანად ეკონომიკა ერთ მარტივ პრინციპს ეყრდნობა: ცვლილებები მოტივაციის სტრუქტურაში ადამიანის ქცევაზე პროგნოზირებადი გზით მოქმედებენ. მოტივაციაზე მოქმედებენ როგორც ფულადი, ისე - არაფულადი ფაქტორები. თუ ალტერნატიული პროდუქტზე მეტად ხარჯიანი გახდება, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ადამიანებმა არჩევანი მასზე შეაჩერონ. შესაბამისად, რომელიმე ალტერნატიული პროდუქტიდან მიღებული სარგებლის ზრდის შემთხვევაში, იზრდება იმის ალბათობაც, რომ ადამიანი ამგვარ პროდუქტზე შეაჩერებს არჩევანს. ეს მარტივი მოსაზრება, რომელსაც ზოგჯერ ეკონომიკის ძირითად პოსტულატს უწოდებენ, ძლიერი ინსტრუმენტია, რადგან ის თითქმის ყველაფერს შეესაბამება, რასაც ვაკეთებთ.

ნებისმიერი მოქმედების ხარჯის ზრდასთან ერთად, იკლებს ადამიანების მიერ მასზე არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. დაფიქრდით ამ წინადადების არსზე. როდესაც შეხვედრაზე აგვიანებთ, სავარაუდოდ გზაზე მეგობართან არ შეისეირნებთ. ცოტა თუ ვინმე წავა პიკნიკზე ცივ და წვიმიან დღეს. მაღალი ფასები შეამცირებს გაყიდული ერთეულების რაოდენობას. კოლეჯში დასწრება ნორმალურზე დაბალი იქნება, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ყველა შემთხვევაში ახსნა ერთნაირია: როდესაც მოქმედება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მასზე არჩევანს იშვიათად აჩერებენ.

მსგავსი ლოგიკით, თუ რომელიმე ვარიანტს მეტი სარგებელი მოაქვს, იზრდება იმის ალბათობაც, რომ ადამიანები ამ ვარიანტს შეარჩევენ. ქუჩაში მიმავალი ადამიანი ძირს დაგდებული ქაღალდის კუპიურის ასაღებად უფრო დაიხრება, ვიდრე ხურდისთვის. სტუდენტები მეტად დაესწრებიან და მეტ ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ ლექციაზე, რომელზეც საგამოცდო მასალა ისწავლება. კლიენტები მეტს შეიძენენ მაღაზიებიდან, რომლებიც დაბალ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს და ხელმისაწვდომ ადგილზე არიან განთავსებული. თანამშრომლები მეტად ბეჯითად და ეფექტურად მუშაობენ, როდესაც ამისთვის სათანადო ანაზღაურებას იღებენ. ყველა ეს შედეგი საკმაოდ პროგნოზირებადია და ისინი ასახავენ ეკონომიკის პოსტულატს „მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

სტიმულების მნიშვნელობა
დამატებითი კითხვა • დააქლიქეთ ჩამოსატვირთად (64 კბ)

ეს ძირითადი პოსტულატი ხსნის როგორ ცვლის ბაზრის ფასების ცვლილება მოტივაციას, რაც მოქმედებს მყიდველების და გამყიდველების მოქმედებების კოორდინაციაზე. თუ მყიდველებს სურთ იმ რაოდენობაზე მეტი საქონლის შეძენა, რა რაოდენობის გაყიდვაც უნდათ (ან შეუძლიათ) მწარმოებლებს, საქონლის ფასი მალევე მოიმატებს. ფასების ზრდასთან ერთად, გამყიდველებს მეტი სურვილი ექნებათ მოახდინონ ამ საქონლის მიწოდება, ხოლო მყიდველებს ნაკლებად ენდომებათ მათი შეძენა, სანამ მოთხოვნილი და მიწოდებული საქონლის რაოდენობა და ფასი ბალანსში არ მოვლენ. ამ მომენტში ფასი სტაბილიზირდება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს სურს იმაზე მეტი საქონელი მიაწოდოს მყიდველს, ვიდრე ამ უკანაკნელს სურს იყიდოს? თუ გამყიდველი ვერ გაყიდის ყველა საქონელს არსებულ ფასად, მას მოუწევს ფასის დაკლება. ამასთან, დაბალი ფასი ხალხს წაახალისებს მეტი საქონლის ყიდვაზე, თუმცა ამავდროულად მწარმოებლებს აღარ ექნებათ მოტივაცია აწარმოონ ბევრი პროდუქტი, რადგან მათთვის ნაკლებად მომხიბვლელია პროდუქტის ნაკლებ ფასად წარმოება. და კვლავ, ფასების ცვლილება აბალანსებს მოთხოვნას მომხმარებლების მხრიდან და გამყიდველების მიერ მიწოდებულ რაოდენობას. ამ მომენტში ფასების ცვლილებაზე დამატებითი ზეწოლა აღარ არსებობს.

მაგალითად, ცუდმა ამინდმა გამოიწვია ატმის ფასის ზრდა აშშ-ს ჯორჯიის შტატში 2014 წლის ზაფხულში, რამაც განაპირობა წინა წელთან შედარებით ფასების 180%-ით ზრდა. მიუხედავად ყველაფრისა, მომხმარებლებს ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ გაუპროტესტებიათ. რატომ? როდესაც უფრო მაღალმა ფასებმა ატამი გააძვირა, მომხმარებლების უმრავლესობამ მარტივად ჩაანაცვლეს ატამი სხვა ხილით, მთლიანად ან ნაწილობრივ და ზამთრის მარაგად მსხლის ან კომშის ჯემის კეთება დაიწყეს.

გარდა ამისა, ატმის ფასის ზრდაზე იმოქმედეს არა მხოლოდ მყიდველებმა, არამედ გამყიდველებმაც. ატმის მიმწოდებელმა ფერმერებმა ახალი ხეები დარგეს. სხვა ფერმერებმა გაჩეხეს ვაშლის და მსხლის ბაღები და მათ ნაცვლად ატმის ხეები დარგეს. ორი წლის შემდეგ (როდესაც დარგულმა ხეებმა უკვე ნაყოფის მოცემა დაიწყეს), მიწოდების გაფართოებასთან ერთად ატმის ფასებმაც იკლო.

სტიმულები ასევე მოქმედებს პოლიტიკურ არჩევნებზეც. ნაკლები ალბათობაა იმის, რომ ადამიანი, რომელიც არჩევანს აკეთებს ხმის მიცემის ჯიხურში, განსხვავებულად იმოქმედებს სავაჭრო ცენტრში არჩევანის გაკეთებისას. უმეტეს შემთხვევაში ამომრჩევლები, სავარაუდოდ, იმ პოლიტიკურ კანდიდატებს და პოლიტიკებს დაუჭერენ მხარს, რომლებიც, მათი აზრით, ყველაზე მაღალ პირად სარგებელს მოუტანთ, ხარჯების გამოკლებით. ისინი ალბათ შეეწინააღმდეგებიან ისეთ პოლიტიკურ არჩევანს, რომლითაც მათი პერსონალური ხარჯები მოსალოდნელ სარგებელზე მაღალი იქნება. მაგალითად, ასაკიანი მოქალაქეები უმეტესად ეწინააღმდეგებიან ისეთ კანდიდატებს და წინადადებებს, რომლებიც მათი საპენსიო სარგებლის შემცირებას გამოიწვევენ. 2018 წელს რუსეთში გამართულ არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთის“ მიერ მიღებულ დაბალ მაჩვენებელზე მეტწილად იმოქმედა საპენსიო გადახდების კლების წინადადებამ. ამის მსგავსად, გამოკითხვებმა უჩვენა, რომ სტუდენტები მხარს უჭერენ კოლეჯის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გრანტებს.

სტიმულების მნიშვნელობას გვერდს ვერ ავუვლით. მოტივაცია ადამიანის ბუნების ნაწილია. მას და დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი პერიოდი ყოფილ საბჭოთა კავშირში, მინის საწარმოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები ანაზღაურებას იღებდნენ მათ მიერ წარმოებული ერთი ტონა მინის ფირფიტის წონის მიხედვით. იმის გამო, რომ მათი შემოსავალი მინის წონაზე იყო დამოკიდებული, ქარხნების უმეტესობა იმდენად სქელ მინებს აწარმოებდნენ, რომ მათში გახედვით რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო. შედეგად, წესები ისე შეიცვალა, რომ ხელმძღვანელები ანაზღაურებას იღებდნენ წარმოებული ერთი კვადრატული მეტრი მინის რაოდენობის მიხედვით. ამ წესების მოქმედების პერიოდში, საბჭოთა ფირმებმა თხელი და მარტივად მტვრევადი მინის წარმოება დაიწყეს. ამის მსგავსად, როდესაც პოლონური ქარხნებისთვის ფეხსაცმლის რაოდენობის კონკრეტული კვოტა განისაზღვრა და წარმოებისთვის ძალიან მცირე რაოდენობით ტყავი გამოიყო, არავის გაკვირვებია, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით საბავშვო ფეხსაცმელი გამოჩნდა.

ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მოტივაციას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მაშინ, თუ საქმე გვაქვს ხარბ და ეგოისტ ადამიანებთან. ეს არ არის სიმართლე. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით მოქმედებენ, ზოგი სიხარბის და ზოგიც - ქველმოქმედების გამო. ორივეს არჩევანზე - ეგოცენტრულზეც და ალტრუისტულზეც იმოქმედებს პირადი დანახარჯების და სარგებლის ცვლილება. მაგალითად, ხარბიც და ალტრუისტი ადამიანიც ამჯობინებენ ბავშვი პატარა ბასეინში გადაარჩინონ, ვიდრე დეტიფოსის ჩანჩქერისკენ მიმავალ სწრაფ მდინარეში გადაეშვან მის გადასარჩენად. ასევე ორივე, მეტი ალბათობით, გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დაეხმარება ნაცვამი ტანსაცმლით, ვიდრე საკუთარი საუკეთესო სამოსით.

მიუხედავად იმისა, რომ ალბანელი მისიონერი დედა ტერეზა არავის დაუდანაშაულებია სიხარბეში, პირადმა ინტერესებმა ისიც აიძულა რეაგირება მოეხდინა მოტივაციაზე. როდესაც დედა ტერეზას ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერი დები“ ცდილობდა ქალაქ ნიუ-იორკში უსახლკაროთა თავშესაფარი გაეხსნა, ქალაქის მთავრობამ მისგან შენობაში ძვირადღირებული რემონტის ჩატარება მოითხოვა. ორგანიზაციამ საერთოდ უარი თქვა პროექტზე. ამ გადაწყვეტილებას არ შეუცვლია დედა ტერეზას ვალდებულებები ღარიბი ადამიანების მიმართ. ამის ნაცვლად, პროექტის გაუქმებამ გამოიწვია სტიმულების ცვლილება. მას შემდეგ, რაც ღარიბი ადამიანების დახმარების ღირებულება გაიზარდა ნიუ-იორკში, დედა ტერეზამ გადაწყვიტა, რომ მისი რესურსები უკეთეს სარგებელს მოიტანდა სხვა ტერიტორიებზე. მოტივაციის სტრუქტურის ცვლილება მოქმედებს ყველას არჩევანზე, მიუხედავად სიხარბისა და მატერიალური მიზნებისა, ერთის მხრივ და თანამგრძნობი და ალტრუისტული მიზნებისა, მეორეს მხრივ, რაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს.

გსურთ მეტი ნახოთ? ჩამოტვირთეთ მთლიანი წიგნი უფასოდ ახლავე!

ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ, ალბანურ, სომხურ, რუსულ, უკრაინულ და უზბეკურ ენებზე. მალე გამოვა პუბლიკაციის აზერბაიჯანულ, ყაზახურ და ყირგიზულ ენებზე თარგმნილი ვერსიები.