კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

რატომ არ შეიძლება იყო საკუთარი თავის უფროსი

პატრიკ ქოროლს
28.02.23

კერძო მეწარმეებსაც ჰყავთ ზემდგომები

მეწარმეობა კაპიტალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. თქვენ შეგიძლიათ სოლიდური თანხა გამოიმუშაოთ, თუ იცით რასაც აკეთებთ და გაქვთ შესაძლებლობა არ იყოლიოთ დამსაქმებელი, რომელიც გიკარნახებთ რა აკეთოთ. შეგიძლიათ საქმის კეთების ახალი გზები მოიძიოთ, გამოიგონოთ ან შექმნათ თქვენი საკუთარი პროდუქტი, ან უბრალოდ შექმნად სამუშაო ადგილები და სანდო მომსახურება საკუთარ საზოგადოებაში.

არსებობს მეწარმეობის წამახალისებელი ზოგადი არგუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და ეს არის იდეა, რომ „თქვენ შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავის უფროსი“.

ეს კონცეფცია საკმაოდ მარტივია. მენეჯერისთვის ანგარიშის ჩაბარების ნაცვლად, როგორც მეწარმეს, შეგიძლიათ საკუთარი წესები განსაზღვროთ. გავრცელებული მოსაზრებით, თქვენ არავის ემორჩილებით. სრულად აკონტროლებთ თქვენი საქმიანობის ყველა ასპექტს. უფროსი არ გყავთ. თქვენ თავად ხართ უფროსი.

ამგვარი აზროვნების სირთულე ერთი მარტივი მაგალითით შეიძლება გამოისახოს. ვთქვათ, გადაწყვიტეთ, რომ გჭირდებათ კომპანია, რომელიც ღვეზელს აწარმოებს. შესაძლოა ბავშვობაში გიყვარდათ ღვეზელის ცხობა და ყოველთვის ოცნებობდით თქვენი გატაცება ბიზნესად გექციათ. წინა სამსახურში თქვენი უფროსი არ გაძლევდათ ღვეზელის გამოცხობის უფლებას (თქვენში პოტენციალს ვერ ხედავდა). ახლა, როდესაც საკუთარი თავის უფროსი ხართ, გაქვთ აბსოლუტური თავისუფლება გქონდეთ ისეთი ბიზნესი, როგორიც გსურთ.

ეს ნამდვილად ასეა?

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ღვეზელის გაყიდვა, მაგრამ რას იზამთ, თუ მომხმარებლებს მისი ყიდვის სურვილი არ ექნებათ? სავარაუდოდ მოგიწევთ ხარჯების გაწევა - იჯარა, მარაგები, ხელფასები. შემოსავლის გარეშე ეს ხარჯები დაგიგროვდებათ და ძალიან მალე მოგიწევთ წარმოების ახალ ხაზზე გადასვლა ან ბიზნესის დახურვა.

ამით დამთავრდება საკუთარი თავის უფროსობა.

სინამდვილეში ვინ არის უფროსი?

ღვეზელის ისტორია მნიშვნელოვან შეკითხვას წარმოშობს: ვინ განსაზღვრავს წესებს სინამდვილეში? ერთი შეხედვით, შესაძლოა იფიქროთ, რომ მეწარმეებს თავად აქვთ უფლება განსაზღვრონ წესები და ისინი საკუთარი თავის უფროსები არიან. სინამდვილეში, როგორც ვხედავთ, ისინი მთლიანად არიან დამოკიდებულები თავიანთ მომხმარებლებზე. კარგი მეწარმე აუცილებლად გეტყვით, რომ ამ საქმეში მომხმარებელია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რეალური უფროსები სწორედ ისინი არიან.

ეკონომისტი ლუდვიგ ფონ მიზესი ამ იდეას განავრცობს თავის სამეცნიერო ნაშრომში „ადამიანის ქმედება“.

„მეწარმეთა ამოცანაა საბაზრო საზოგადოებაში ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის მართვა. ისინი აკონტროლებენ წარმოებას. ისინი დგანან საჭესთან და მართავენ ხომალდს. არასერიოზული დამკვირვებელი იფიქრებს, რომ სწორედ ისინი არიან უზენაესნი. თუმცა ეს ასე არ არის. ისინი იძულებულნი არიან უპირობოდ დაემორჩილონ კაპიტნის ბრძანებებს. ეს კაპიტანი მომხმარებელია. არც მეწარმე, არც ფერმერი და არც კაპიტალისტი არ განსაზღვრავს წარმოების პროდუქტს. მომხმარებელი განსაზღვრავს მას. თუ ბიზნესმენი საგულდაგულოდ არ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც ის საბაზრო ფასების სტრუქტურით იღებს, ის ზარალს განიცდის, გაკოტრდება და ამგვარად სულ უფრო ჩამოშორდება მოწინავე ადგილს ხომალდის საჭესთან. მას ჩაანაცვლებს სხვა ადამიანი, ვინც უკეთ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს.“

მეწარმეებს შესაძლოა ჰქონდეთ დიდი ძალაუფლება, თუმცა ეს უკანასკნელი მთლიანად დამოკიდებულია მათ მიერ მომხმარებელთა დაკმაყოფილების უნარზე. თუ მეწარმე ვერ დააკმაყოფილებს ნამდვილი უფროსების - მომხმარებლების სურვილებს, მას სასწრაფო წესით დაითხოვენ და ჩაანაცვლებენ სხვა პირით. სწორედ ამას ნიშნავს ბიზნესის დახურვა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მეწარმეებს ბიზნეს „იმპერიის“ „მეფეებად“ მოიაზრებენ, რეალობა სრულიად სხვაგვარია. „წარმოების მატერიალური ფაქტორების მფლობელები და მეწარმეები მომხმარებელთა ვირტუალური ნდობით აღჭურვილი პირები არიან,“ - წერს მიზესი, „რომლებიც გამოხმობის უფლებით ყოველდღიური არჩევნების შედეგად ინიშნებიან.“

მოსაზრება, რომ მეწარმეები არიან მოახლეები და მომხმარებლები განუსაზღვრავენ მათ წესებს ცნობილია „სამომხმარებლო სუვერენიტეტის“ სახელწოდებით. უხეშად რომ ვთქვათ, მეწარმეც სხვაზე მუშაობს. რა თქმა უნდა, შემოქმედებითი თავისუფლებისთვის დიდი სივრცე არსებობს. მომხმარებლები ისე არ გაკონტროლებენ, როგორც მენეჯერები. თუმცა, მეწარმესაც აქვს შეზღუდვა თავისუფლებაში.

როგორც ამბობენ, მელოდიას ირჩევს ის, ვინც მუსიკოსს ფულს უხდის.

სამეწარმეო საქმეში შენ არ ხარ მთავარი

არსებულ და დამწყებ მეწარმეებს ხშირად ავიწყდებათ ერთი რამ. საქმე ისაა, რომ მეწარმეები, რომლებიც ცდილობენ წარმატებას მიაღწიონ, ორიენტირებულები უნდა იყვნენ სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და არა ბიზნესის საკუთარი სურვილის შესაბამისად წარმართვაზე.

ბევრის აზრით, პარადიგმის ეს ცვლილება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ადამიანები მეწარმეობას იწყებენ საკუთარი გატაცების და უნარების გათვალისწინებით და ცდილობენ გაყიდოს ისინი. თუმცა, საქმე პირიქით არის. თუ სურთ წარმატებული იყვნენ, მათ თავდაპირველად უნდა განსაზღვრონ დაუკმაყოფილებელი საჭიროებები საკუთარ საზოგადოებაში და შემდეგ მოიძიონ მათი დაკმაყოფილების გზები.

„შენი გატაცების მონეტიზაციის“ იდეა მომხიბვლელია, თუმცა სინამდვილეში მეწარმეობა ამას არ გულისხმობს. მეწარმოება სხვაზე ორიენტირებაა. ის აგებულია იმაზე, თუ რისი ყიდვა სურთ მომხმარებლებს, და არა იმაზე თუ რისი გაყიდვა გსურთ თქვენ. ეს არ ნიშნავს „იყო საკუთარი თავის უფროსი“. ეს ნიშნავს მომხმარებელი აქციო თქვენს უფროსად და მიიღოთ ანაზღაურება მისთვის შექმნილი ღირებულების პროპორციულად.

მოზესი წერს, „საბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს სიმდიდრის მიღების და შენარჩუნების იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე საზოგადოების მოთხოვნილი საქონლით საუკეთესო და ყველაზე იაფი ფორმით მომარაგება“. შეგიძლიათ მოიძიოთ სფეროები, სადაც თქვენი გატაცებები და ცოდნა მომხმარებელთა მოთხოვნასთან გადაიკვეთება და ეს საუკეთესო შედეგი იქნება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ენდოთ მათ. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი მუშაობის უპირატესი მიზანია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკუთარი პროექტით გატაცებულ მეწარმეს, რომელიც მომხმარებელთა სურვილების უგულებელყოფას დაიწყებს, მალე გარიყავს ბიზნესი.

ასე რომ, დიახ, მოდით, ვადიდოთ მეწარმეობა, შემოქმედებითობა და საკუთარი თავის მართვა. მაგრამ ამასთანავე არ დავივიწყოთ, რომ მეწარმეებსაც ჰყავთ უფროსი - მომხმარებელი. მეწარმეობა ნიშნავს სხვა ადამიანების სურვილების ამოცნობას და ამ სურვილების დაკმაყოფილების გზების ძიებას.

ეს სტატია ეკუთვნის პატრიკ ქოროლს და ეკონომიკური განათლების ფონდს, საერთაშორისო ლიცენზიის Creative common Attribution 4.0 საფუძველზე. სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.