კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

კომპრომისული არჩევანი ეკონომიკაში

რობერტ ფ. მალიგანი
01.01.70

კომპრომისული არჩევანის იდეა ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: იმისათვის, რომ ერთი რამე გქონდეს მეტი ოდენობით, უნდა დასჯერდე იმას, რომ სხვა რამე ნაკლები გექნება. ეს პრინციპი მოგვიწოდებს რესურსების ეფექტიანად და ნარჩენების გარეშე ათვისებისკენ და ასევე გვაიძულებს, ვიყოთ ფხიზლად, რათა არ გამოგვეპაროს ახალი რესურსები, რომლებითაც შევძლებთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მაკროეკონომიკურ დონეზე, თითოეული ჩვენგანი სპეციალიზდება ისეთი საქონლის და მომსახურების წარმოებაში, რომლისთვისაც მინიმალური რაღაცების დათმობა დაგვჭირდება, ანუ რომელთა შემთხვევაშიც ჩვენ გვექნება ყველაზე დაბალი ალტერნატიული დანახარჯი. ჩვენ ვვაჭრობთ საქონლით, რომლის შექმნა ყველაზე იაფი გვიჯდება, რათა მივიღოთ ისეთი რამეები, რისი ჩვენი ძალებით წარმოებასაც დასჭირდებოდა მეტი ძალისხმევა, ხარჯი ან რესურსი. ჩვენი სავაჭრო პარტნიორები თმობენ ისეთ რამეებს, რისი წარმოებაც მათ მინიმალური უჯდებათ, ისეთი რამეების სანაცვლოდ, რომლებიც მათ უფრო ძვირი დაუჯდებოდათ, მაგრამ რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ უფრო ეფექტურად და უფრო დაბალი ხარჯით. სხვებთან ვაჭრობით ჩვენ არა მხოლოდ მეტ საქონელს ვიღებთ უფრო დაბალ ფასად, არამედ ეს გვაძლევს წვდომას საქონლის ბევრად უფრო ფართო ასორტიმენტზე, ვიდრე გვექნებოდა, ყველაფერი ჩვენით რომ გვეწარმოებინა.

ვაჭრობა ქმნის ცხოვრების უფრო მაღალ დონეს, რადგან მის შედეგად თითოეული ადამიანი სპეციალიზდება იმ საქონელში, რომლის წარმოებაც ყველაზე კარგად და უმცირესი ალტერნატიული დანახარჯით შეუძლია – ანუ თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს მინიმალურის დათმობას და ყველაზე ნაკლები რესურსის გამოყენებას.

მაკროეკონომიკურ დონეზე კომპრომისული არჩევანი განსაზღვრავს, რას აწარმოებს ქვეყანა საერთაშორისო ვაჭრობისთვის. კომპრომისული არჩევანის არსი განმარტავს, რატომ ვახდენთ იმ საქონლის იმპორტს, რომლის წარმოება უფრო იაფად და ეფექტურად შეიძლება სხვა ქვეყნებში და ვახდენთ იმ საქონლის ექსპორტს, რომელიც შეგვიძლია ადგილობრივად უფრო იაფად და ეფექტურად ვაწარმოოთ. ადამ სმიტი იმ ბევრ ეკონომისტთაგან პირველი იყო, რომლებიც ემხრობოდნენ ქვეყნებს შორის ვაჭრობას. ადამ სმიტის აზრით, ინგლისის ვაჭრობას საფრანგეთთან ერთნაირი სასარგებლო გავლენა ჰქონდა ორივე ქვეყანაში ცხოვრების დონეზე, ვინაიდან ცალკეულ გლეხს, რომლებსაც გაჭირვებით გაჰქონდათ თავი იმ ყველაფრის წარმოებით, რასაც მოიხმარდნენ, შეეძლოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი და უხვი საკვები ჰქონოდათ სხვადასხვა მოსავლის მოყვანაში სპეციალიზებით და ერთმანეთთან ვაჭრობით. როგორც სმიტი განმარტავდა, საერთაშორისო ვაჭრობა აფართოებს „ბაზრის საზღვრებს“, ან, უფრო ზუსტად, „შრომის დანაწევრება შეზღუდულია ბაზრის საზღვრებით. ეს იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ურთიერთგაცვლით შეიძლება თითოეული ადამიანი სპეციალიზდეს თავის სფეროში და მაინც ჰქონდეს წვდომა საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრზე“.

ჩვენ ვსპეციალიზდებით იმაში, რისი წარმოებაც ადვილია ჩვენთვის, ანუ რისი წარმოებაც ყველაზე იაფი გვიჯდება, რასაც ვაწარმოებთ სხვებზე უკეთ. ჭარბ ნაწარმს, იმ ოდენობას, რომელიც აღემატება ჩვენს საჭიროებებს, ჩვენ ვიყენებთ სხვებთან სავაჭროდ, რათა სანაცვლოდ მივიღოთ ის, რაც მათ ჩვენზე ეფექტურად შეუძლიათ აწარმოონ. დარგის სპეციალიზაციის ან შედარებითი უპირატესობის პრინციპი თანაბრად ეხება როგორც ადამიანებს, ისე ქვეყნებს შორის ვაჭრობას. შედარებითი უპირატესობა განმარტავს, რატომ სპეციალიზდებიან ადამიანები გარკვეული პროდუქტების წარმოებაში მიკროეკონომიკურ დონეზე და რატომ ახდენენ ქვეყნები გარკვეული საქონლის ექსპორტს მაკროეკონომიკურ დონეზე.

როჯერ გარისონი მაკროეკონომიკურ კომპრომისულ არჩევანს განმარტავს ორი საქონლის სამყაროს დაშვებით, სადაც ეს ორი საქონელი არის სამომხმარებლო საქონელი, რომელიც პირდაპირ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს და საწარმოო დანიშნულების საქონელი, რომელსაც ასევე ეწოდება კაპიტალური ან საინვესტიციო საქონელი. საწარმოო დანიშნულების საქონელი მოსახლეობის მოთხოვნებს არაპირდაპირ, დროთა განმავლობაში და მხოლოდ პოტენციურად აკმაყოფილებს. საწარმოო დანიშნულების საქონელი მოიცავს სამუშაო იარაღებს, ქარხნებს და აღჭურვილობას, რომლებიც ნაწილობრივ გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის წარმოებისთვის.

როგორც წესი, კომპრომისულ არჩევანს სახელმძღვანელოები ზედმეტად ამარტივებს ისეთი ორი ტიპის საქონლის დაშვებით, როგორიცაა თოფი და კარაქი, თუმცა წარმოების დაყოფა საწარმოო დანიშნულებისა და სამომხმარებლო საქონლის ორ ფართო კატეგორიად, ნამდვილად იტევს ყველაფერს, რაც რეალურად იწარმოება მსოფლიოში. სამომხმარებლო საქონელს შეუძლია დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ საწარმოო დანიშნულების საქონელი მოთხოვნას დაგვიანებით აკმაყოფილებს და გარკვეულ განუსაზღვრელობას ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალურ დონეზე სამომხმარებლო და საწარმოო დანიშნულების საქონელი განისაზღვრება ადამიანების მზაობით, დაელოდონ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას – რაოდენობა, რომელიც ცნობილია, როგორც დროითი უპირატესობა და, როგორც წესი, გამოიხატება საპროცენტო განაკვეთით. ძალიან მაღალი დროითი უპირატესობის მქონე ადამიანებს არ სურთ დაელოდონ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მოითხოვენ მაღალ უკუგებას, რათა გადაავადონ მოხმარება თავიანთი შემოსავლის ნაწილის დაზოგვით. უფრო დაბალი დროითი უპირატესობის მქონე ადამიანები მოიხმარენ ნაკლებს და ზოგავენ მეტს.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, სამომხმარებლო საქონელი შედარებით სწრაფად გამოიყენება, ამიტომ მათი წარმოება განუწყვეტლივ უნდა ხდებოდეს. საწარმოო დანიშნულების საქონელი უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ძველდება – სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ცვეთას ექვემდებარება. ფიზიკური ცვეთის მუდმივი პროცესი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებმა სხვადასხვა საწარმოო დანიშნულების საქონელი უნდა იყიდონ, რათა წარმოება არსებულ დონეზე შეინარჩუნონ. მხოლოდ სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვა ხანმოკლე ვადაში მაქსიმალურად დააკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მაგრამ ეს მდგრადი არ იქნებოდა, რადგან საბოლოოდ ყველა საწარმოო დანიშნულების საქონელი – სამუშაო იარაღები, აღჭურვილობა და ქარხნები – განიცდიდა ცვეთას. ამრიგად, დღეს მეტისმეტის მიღება მომავალში დანაკლისს განაპირობებს.

სამომხმარებლო და საწარმოო დანიშნულების საქონლის კომბინაცია, რომელსაც ხალხი ირჩევს, განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკა ერთ ადგილზე ნარჩუნდება – და სტაბილურად ფუნქციონირებს – თუ ხალხი აირჩევს სამომხმარებლო და საწარმოო დანიშნულების ისეთ საქონელს, რომელიც საშუალებას იძლევა არსებული საწარმოო დანიშნულების საქონელი მათი გაცვეთისთანავე შეიცვალოს. თუ მათი არჩევანი გადახრილია სამომხმარებლო საქონლისკენ, ეკონომიკა უკუსვლას განიცდის. თუ არჩევანი იხრება საწარმოო დანიშნულების საქონლისკენ, მაშინ ეკონომიკა იზრდება და, რაც უფრო გადახრილია საწარმოო დანიშნულების საქონლისკენ, მით უფრო სწრაფია ზრდა.

როდესაც ეკონომისტები საუბრობენ მაკროეკონომიკურ ოპტიმალურ თანაფარდობაზე, ისინი, როგორც წესი, გულისხმობენ, რომ სამომხმარებლო და საწარმოო დანიშნულების საქონლის კომბინაცია ოპტიმალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არა სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა, არამედ ისიც, რომ პირის სავლების, ერთჯერადი სუპის, დეოდორანტის და სხვ. ერთობლიობა იყოს ზუსტად ის, რაც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს. საწარმოო დანიშნულების საქონლის შემთხვევაში, არა მხოლოდ ჯამური რაოდენობაა მთავარი, არამედ ის ერთობლიობა, რომელიც ყველაზე კარგად აწარმოებს იმ სამომხმარებლო საქონლის ზუსტ კომბინაციას, რაც მომხმარებელს ყველაზე მეტად სურს. ვინაიდან მომხმარებელს დროთა განმავლობაში ცვლილება უნდა, უფრო სარგებლიანია მოქნილი საწარმოო დანიშნულების საქონლის არჩევა, რომლის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა პროდუქციის გამოსაშვებად მოთხოვნების შეცვლის კვალდაკვალ.

ჯერჯერობით ჩვენ დავუშვით, რომ მოსახლეობა და ტექნოლოგიის მდგომარეობა – ორივე ფიქსირებულია. რადგან ტექნოლოგია დროთა განმავლობაში წინსვლას განიცდის, ეს ცვლის ნაწარმის წარმოების წესს და აგრეთვე იმას, თუ როგორი პროდუქტები სურთ ყველაზე მეტად მომხმარებლებს. ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, საწარმოო დანიშნულების საქონელი სულ უფრო მრავალმხრივი, პროდუქტიული, მოქნილი და ჩანაცვლებადია.

თუმცა, ამასთანავე, ტექნოლოგიური პროგრესის გამო, საწარმოო პროცესები რთულდება, მოითხოვს მეტ დროს და მიჰყვება გაკვალულ გზას – და ამ თვალსაზრისით ხდება ნაკლებად მოქნილი. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ცხოვრების სტანდარტის უწყვეტად შესანარჩუნებლად უფრო მეტი ნაწარმია საჭირო, თუმცა მეტი მუშახელიც ხდება ხელმისაწვდომი, რომელიც ამუშავებს საწარმოო დანიშნულების საქონელს. ეს სირთულეები რეალური ცხოვრებიდან ხაზს უსვამს იმას, რომ კომპრომისული არჩევანის ძირითადი იდეის გამოყენება ეკონომიკაში შეზღუდულია, მაგრამ, ამ სირთულეების მიუხედავად, ამ ერთი მთავარი ეკონომიკური პრინციპის გააზრება გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ მომხმარებლის არჩევანში, ეკონომიკურ ზრდაში და საერთაშორისო ვაჭრობაში.

სტატია მოწოდებულია რობერტ ფ. მალიგანის და ამერიკის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ, შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე