კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

99-ცენტიანი ანანასის გლობალური საბაზრო სასწაული

ლაურა უილიამსის
21.05.23

წელიწადში რამდენჯერმე ჩემთან ახლოს მდებარე სურსათის მაღაზია 99 ცენტრად მთლიან, ქორფა ანანასებს ყიდის. ანანასი, ალბათ, თქვენი უბნის მაღაზიაშიც იყიდება. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ხილს ვხედავ, უნებურად გაოცება მიპყრობს კაცობრიობის პროგრესის გამო.

ანანასი ახალი ხილი არ არის. იგი ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ მაიას ტომებს და აცტეკებს მოჰყავდათ. ტაინოს ხალხმა ანანასი თან წაიღეს, როდესაც დაახლოებით ჩვ.წ. 250 წელს კარიბებისკენ გადაადგილდნენ. ევროპელებს და ჩრდილოეთ ამერიკელებს ოქროსფერი ტკბილი ნაყოფი არ გაუსინჯავთ კოლონიზაციამდე და „კოლუმბის გაცვლამდე“, რასაც მოჰყვა მოსავლის სახეობების და სამზარეულო კერძების გლობალური გადანაწილება. უმოკლეს დროში ახალი სამყაროს საკვები ევროპულ ერებს მიეწოდა და მათაც ისე შეისისხლხორცეს ისინი, რომ დღეისათვის მათ განუყოფელ ნაწილად არიან ქცეულები: ირლანდიელები პირველად გაეცნენ კარტოფილს, იტალიელები კი - პომიდორს.  

როდესაც ანანასი პირველად შეიტანეს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ისინი გასაოცრად ძვირი იყო. ვინაიდან მათი ტრანსპორტირება კარიბებიდან ხდებოდა, მაცივრების არარსებობის პირობებში, მალე ფუჭდებოდა და იოლად ზიანდებოდა. ერთი ანანასი შეიძლებოდა 8 000 აშშ დოლარამდე ღირებულიყო (დღევანდელ დოლარებში).

ანანასს ხშირად ქირაობდნენ საათობრივად, ვინაიდან ის იყო იშვიათი, ძვირი და ფასეული. მას ჩუქნიდნენ მნიშვნელოვან ადამიანებს და ის ამშვენებდა მდიდრულ წვეულებებს ან სხვა ღონისძიებებს, სადაც სტუმრები აღტაცებაში მოჰყავდა ამ ეგზოტიკურ იშვიათობას. ადამიანებს მისი ნაყოფი თან დაჰქონდათ თავიანთი სოციალური სტატუსის სადემონსტრაციოდ, ან მისგან გამოკვეთდნენ დახვეწილ ფორმებს. ისინი მეტისმეტად ძვირი ღირდა იმისთვის, რომ ეჭამათ. ანანასის ნაყოფის გასინჯვა მხოლოდ მას შემდეგ ეღირსებოდა ვინმეს, როცა იგი გადამწიფდებოდა და უკვე ბევრჯერ გააქირავებდნენ.

ჭურჭელზე, ქსოვილზე, ავეჯსა და არქიტექტურაზე მალე დაიწყეს ანანასის ორნამენტების დატანა, იმდენად იყო იგი ასოცირებული სიმდიდრესთან და ფუფუნებასთან. ვინაიდან სუფრაზე ანანასი იმას ნიშნავდა, რომ დიასახლისმა ხარჯი არ დაიშურა სტუმრების მისაღებად, მისი იოლად საცნობი ფორმა ხშირად ჩნდებოდა სტუმრებისთვის განკუთვნილ ნივთებზე (საწოლის ბოძები, ხელის პირსახოცები, შანდლები, წინა კარი) და მასპინძლის გულუხვობას აღნიშნავდა.

ხილის ნაკლებად შეძლებულ მოყვარულებს, რომლებიც ეკვატორული პლანტაციების მახლობლად ცხოვრობდნენ, ანანასის გასინჯვა შეეძლოთ უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის განკუთვნილი სახით. დაშაქრულმა ან დაჩირულმა ანანასმა და ანანასისგან დამზადებულმა ლიქიორმა მალე შეაღწია საშუალო კლასის მოსახლეობის კულინარიის წიგნებში.

ზომიერი კლიმატის მქონე ევროპაში ანანასის მოყვანა უფრო ელიტური ფენის ჰობი იყო, ვიდრე ფართოდ გავრცელებული მეურნეობა. ნაადრევ მცდელობებს სჭირდებოდა არნახული ძალისხმევა და უზარმაზარი ხარჯი, რომ ერთ სეზონზე მცირე რაოდენობით ანანასი მაინც მოეყვანათ. 1723 წელს ჩელსის ბაღში ანანასის მოსაყვანად საჭირო გახდა ღუმელებით გამთბარი უზარმაზარი სათბური. ვერსალში სასახლის მებაღეებმა ანანასის მოყვანა ათი წლის შემდეგ შეძლეს. მომდევნო 70 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინგლისელი არისტოკრატი აშენებდა გამთბარი მინის „ანანასის სათბურს“ სასოფლო მამულებში, თუმცა ბევრ მათგანს ხელი მოეცარა.

მე-18 საუკუნის დასაწყისში ანანასის წარმოებამ გადაინაცვლა იამაიკის პლანტაციებზე, რომელიც იმ ხანად ბრიტანეთს ეკუთვნოდა, სადაც დამონებულ აფრიკელებს განსაკუთრებით სასტიკ პირობებში უხდებოდათ ანანასის მოსავლის მოყვანა და აღება.

კომერციული მიზნით ანანასის მოყვანა ჰავაიშიც პოპულარული იყო, სადაც წარმოება უფრო იაფი ჯდებოდა შედარებით დაბალი მიწისა და შრომითი ხარჯების გამო - ადგილობრივი ჰავაიელების საზარალოდ. აქ ჩამოდიოდნენ იმიგრანტები ევროპიდან და ამერიკიდან, რომლებსაც სურდათ ხილის გაშენება და დაკრეფა ექსპორტის მიზნით.

ხილის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ანანასი არ აგრძელებს დამწიფებას ან დატკბობას მოკრეფის შემდეგ, ამიტომ მკვახე ნაყოფის დაკრეფა (ხანგრძლივი ტრანსპორტირებისთვის) გემოს აფუჭებს. უფრო ხანმოკლე დროში ტრანსპორტირების შედეგად ხილის უფრო დიდი პროცენტული ნაწილი აღწევდა მსხვილ ბაზრებს გასაყიდად ვარგის მდგომარეობაში, რაც ზოგიერთ ადგილს, მათ შორის, ჰავაის დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებდა.

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის უნდა გამოჩენილიყო ვინმე, ვინც დაკონსერვების პროგრესულ ტექნოლოგიას იმ ტერიტორიებამდე მიიტანდა, სადაც ანანასი მოდიოდა. ეს რამდენმა ფირმამ სცადა. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა ხილის ტრანსპორტირება თითქმის ქორფა სახით, უმეტესობის დაზიანების და გაფუჭების გარეშე. მაგრამ ჰავაის საქონელზე აშშ-ის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფი  ხელს უშლიდა საკონსერვო ქარხნებს მოგების მიღებაში. პირველი ფირმები ერთმანეთის მიყოლებით გაკოტრდნენ.

1898 წელს აშშ-მ მოახდინა ჰავაის ანექსია. ამის შემდეგ მალევე გამოჩნდა 22 წლის მეწარმე სახელად ჯეიმს დოული. იგი უმალ იქცა ანანასის წარმატებულ მწარმოებლად, მაგრამ ამ პირობებში ეს გასაკვირი არც იყო. რამაც ის „ანანასის მეფედ“ აქცია, იყო ის, რომ მან მოახდინა ანანასის გაფცქვნის და დაჭრის მექანიზაცია (როგორც ამბობენ, მის დანადგარებს შეეძლოთ წუთში 100 ანანასის დამუშავება) და უფრო ხელსაყრელი სავაჭრო პარტნიორობა აშშ-სთან, ვიდრე მის წინამორბედებს ჰქონდათ.

მცირე ხანს ჰავაი იმდენად დომინირებდა ბაზარზე (კონკრეტულად, ანანასით ვაჭრობაში) რომ ახლა როდესაც რამეს „ჰავაიურს“ ვუწოდებთ, ვგულისხმობთ, რომ ის „ანანასს შეიცავს“. იყო დრო, როცა ჰავაი მსოფლიოს ანანასის 80%-ით ამარაგებდა. ახლა ეს მაჩვენებელი 10%-ზე დაბალია. „Dole Food Company“ რჩება მსოფლიოში ანანასის ყველაზე დიდ მწარმოებლად, მაგრამ თავდაპირველი პლანტაცია ანანასის თემატურ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად არის ქცეული. ის ტურისტებს შორის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია შტატში, სადაც ტურიზმი წამყვანი სექტორია. მნახველთა რაოდენობით მას მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მონუმენტი - პერლ ჰარბორი უსწრებს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ანანასის წარმოებამ ისეთ ადგილებზე გადაინაცვლა, სადაც საჭირო კლიმატური პირობებიც არსებობს და დანახარჯებიც გონივრულია. ეს ადგილებია: კოსტა-რიკა, ინდონეზია, ტაილანდი და ფილიპინები. მიუხედავად იმისა, რომ პლანტაციაზე შრომის ანაზღაურება, ბევრის აზრით, დაბალია, ანანასის წარმოების და დამუშავების სფეროში სამუშაო ადგილი უმრავლესობისთვის მაინც ოპტიმალური არჩევანია (რაც უკეთესი მოცემულობაა, კოლონიალურ და მონათმფლობელურ წარსულთან შედარებით, როდესაც ხილი, როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ბევრად უფრო ძვირი ღირდა).

ანანასით ვაჭრობა დღეისთვის ძალიან ინდუსტრიალიზებულია. ქიმიკატებს, რომლებიც ხილს ამწიფებს (სწორედ ისინი, რომლებიც ბანანის დასამწიფებლად გამოიყენება) აღებამდე ერთი კვირით ადრე აფრქვევენ მოსავალს. გემებით, თვითმფრინავებითა და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაცივარი-კონტეინერები საშუალებას იძლევა, რომ ანანასი დანიშნულების ადგილამდე ჩავიდეს ქორფა, მინიმალური დანაკარგით, დაზიანებით თუ ლპობით. საბაყლოები ანანასით ვაჭრობენ მთლიანი და ქორფა, გათლილი და მომზადებული, ან დაკონსერვებული თუ გამომშრალი სახით. დღეს, ანანასი თუ მოგინდებათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იშოვით ერთ დოლარად.

ანანასი ოდესღაც ფუფუნების საგანი იყო, რაც (ინდუსტრიული პროცესის გაუმჯობესების, სპეციალიზაციის და ანანასის მოყვანის ზღვრული უპირატესობის მქონე რეგიონებში გადატანის შედეგად) თითქმის ყველასათვის გახდა ხელმისაწვდომი. როდესაც გასული საუკუნეების საკულტო ფუფუნების საგნები საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხდება, ამას სპეციალიზაციას და საბაზრო ინოვაციებს უნდა ვუმადლოდეთ.

ეს სტატია მოწოდებულია ლაურა უილიამსის და ამერიკის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.