Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

მიწოდება და მოთხოვნა მხოლოდ მიკროეკონომიკას არ ეხება

ალექსანდრე უილიამ სოლტერი

მიწოდება და მოთხოვნა ეკონომიკის არსებითი კომპონენტებია. მათ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომისტებისთვის საინტერესო საკითხების გასააზრებლად. საბაზრო ფასები და რაოდენობები, მრეწველობის დარგის შემოსავალი, შემოსავლის განაწილება, ტარიფების ეფექტი - ეს ყველაფერი დამოკიდებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე.

მიწოდების და მოთხოვნის სარგებლიანობა ყველაზე აშკარაა მიკროეკონომიკის შემთხვევაში, რომელიც შინამეურნეობებსა და ფირმებზეა ორიენტირებული. თუმცა ის ისეთივე გამოსადეგია მაკროეკონომიკისთვის ეკონომიკური მოვლენების შესასწავლად, როგორც ზრდა და ბიზნესციკლები. მოდით მიწოდებისა და მოთხოვნის მაგალითზე ავხსნათ, რა არის ეკონომიკის სფეროს ერთ-ერთი აქტუალური თემა - ინფლაცია.

როგორც დიდმა მილტონ ფრიდმანმა გვასწავლა, „ინფლაცია ყოველთვის და ყველგან არის ფულთან დაკავშირებული მოვლენა იმ გაგებით, რომ ის წარმოიქმნება და შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ ფულის, და არა წარმოების მოცულობის უფრო სწრაფი ზრდით“. ეს ციტატა, სამწუხაროდ, ორაზროვანია. ჩვეულებრივ მას არაზუსტად და არასრულად ციტირებენ იმის გადმოსაცემად, თითქოს ინფლაცია მხოლოდ მარტივი ფულით არის გამოწვეული. ფრიდმანი ამას არ გულისხმობდა. მისი მიზანი იყო მიწოდებისა და მოთხოვნის გამოყენება ფულის არსის უკეთ გასააზრებლად.

დავიწყოთ ფულის მიწოდებით. ეს საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, ეს არის ფულადი ბაზა, რომელიც შედგება ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დაცული ბრუნვაში მყოფი ვალუტისა და კომერციული ბანკის დეპოზიტებისგან. ფედერალურ სარეზერვო სისტემას შეუძლია ფულადი ბაზის სასურველ ელემენტად გადაქცევა. გარდა ამისა, არსებობს ფულის მიწოდების უფრო ფართო ღონისძიებები. საანგარიშსწორებო ანგარიშები, სამოგზაურო ჩეკები, შემნახველი ანგარიშები, ვადიანი ანაბრები და ფულის ბაზრის ერთობლივი ფონდები წარმოადგენს „ფულის ეკვივალენტს“, რომელიც ფულის მასის უფრო ფართო კატეგორიებში შედის. ფულადი ბაზისგან განსხვავებით, ფედერალური სარეზერვო სისტემა პირდაპირ არ აკონტროლებს ფულის ეკვივალენტების მიწოდებას. მათ განსაზღვრავენ მოგებაზე ორიენტირებული ფირმები საბანკო სისტემაში.

მოდით გავიგოთ, რას ნიშნავს მოთხოვნა ფულზე. ეს არ გულისხმობს იმას, თუ „რამდენი ფული უნდა ხალხს“. ყველა ჩვენგანს სურს მეტი ფული! ფულის მოთხოვნა ნიშნავს პორტფელის არჩევანს: რა სიმდიდრის ფლობა გვსურს ლიკვიდური ფორმით? როდესაც ფულზე მოთხოვნა იზრდება, მოსახლეობას სურს შედარებით მეტი მაღალლიკვიდური და დაბალი შემოსავლის მქონე აქტივები იქონიოს.

ფულის ფასი დამოკიდებულია მიწოდებაზე და მოთხოვნაზე ისევე, როგორც სხვა საქონლის შემთხვევაში. როდესაც ვაშლის მიწოდება მოთხოვნაზე უფრო სწრაფად იზრდება, ვაშლის ფასი ეცემა. ამის მსგავსად, როდესაც ფულის მიწოდება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მასზე მოთხოვნა, ფულის ფასი ეცემა. ფულის ფასი ნიშნავს მის მსყიდველუნარიანობას: საქონელს და მომსახურებას, რომლის ყიდვა შესაძლებელია მოცემული ფულით.

როგორც წესი, ეკონომისტები ფულის ფასს და, შესაბამისად, მის მსყიდველუნარიანობას განსაზღვრავენ ფასების ინდექსის გამოყენებით. ამის პოპულარული მაგალითებია სამომხმარებლო ფასების ინდექსი და სამომხმარებლო ხარჯების ფასების ინდექსი. ეს ინდექსები აკონტროლებენ საქონლის კალათების ფასებს. თუ კალათის დოლარში გამოხატული ფასი მაღალია, ნაკლებია კალათების რაოდენობა, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია დოლარით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების უფრო მაღალი დონე შეესაბამება დაბალ მსყიდველუნარიანობას.

ინფლაცია ნიშნავს ფასების დონის ზრდას და, შესაბამისად, ფულის მსყიდველუნარიანობის შემცირებას. ეს იმას ხომ არ გულისხმობს, რომ ინფლაცია იმის გამო წარმოიქმნება, რომ ფულის მიწოდება მოთხოვნაზე უფრო სწრაფად იზრდება? თუ სხვა ყველა მაჩვენებელი თანაბარია, დიახ. ხშირად ყველა სხვა მაჩვენებელი თანაბარი არ არის.

გავიხსენოთ ფრიდმანის სიტყვები: ფულის ჭარბი ზრდა ისტორიის მხოლოდ ნახევარია. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ის, თუ რა ხდება ბაზრებზე იმ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ფულს ვხარჯავთ. როდესაც ფულის რაოდენობა იმატებს საქონელთან შედარებით, ის იაფდება და, შესაბამისად, საქონელი ძვირდება. რეალური პროდუქტიულობა – ის, თუ რამდენად კარგად ვაწარმოებთ მანქანებს, ლეპტოპებს, თვითმფრინავებს, ვისვენებთ ჰავაიზე ან ვაკეთებთ უამრავ სხვა რამეს – ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ბევრს გაწვდება ფული ჩვენი ჯიბიდან.

როგორც ხედავთ, ყველაფერი მიწოდება-მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მიწოდება და მოთხოვნა აშკარად მნიშვნელოვანია ისეთი რესურსების განაწილების განსასაზღვრად, როგორიც არის კაპიტალი და შრომა, და, შესაბამისად, პროდუქტიულობა. ნაკლებად ცხადად ჩანს მათი მნიშვნელობა მაკროეკონომიკისთვისაც. შეუძლებელია გავიგოთ რა არის ფულადი ნაშთების ბაზარი მიწოდებისა და მოთხოვნის გამოყენების გარეშე. ყოველივე ეს ერთად - ფულის და საქონლის ბაზრები ერთობლივად განსაზღვრავს ინფლაციას.

ზემოთ თქმულის გასააზრებლად ეკონომიკურ მეცნიერებაში ხარისხი არ გჭირდებათ. ეკონომიკას, როგორც დისციპლინას, უხდება ანდაზური განმარტება „ინტელიგენტი არაპროფესიონალი“. უბრალოდ საქმე დაიწყეთ ისე, რომ კარგად გქონდეთ გააზრებული მიწოდებისა და მოთხოვნის მნიშვნელობა.

წინამდებარე სტატია მოგვაწოდეს ალექსანდრე უილიამ სოლტერმა და ამერიკის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიცენზიის „Creative Commons Attribution“ 4.0 საფუძველზე

სტატიის გაზიარება