კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

ფასების რეგულირება: ხილული და უხილავი ხელი და რა საერთო აქვს მას უკრაინაში არსებულ საწვავის კრიზისთან?

ნატალია მელნიკი, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი
01.01.70

საწვავის დეფიციტი, ცარიელი ბენზინგასამართი სადგურები და როგორ მოქმედებს ფასები ბაზარზე

გახსოვთ ბაზრის უხილავი ხელი? ეს არის ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობას იცავს მყიდველებისა და გამყიდველების თავისუფალი არჩევანის მეშვეობით. ბაზრის თვითრეგულირების ეს პრინციპი ადამ სმიტმა ჩამოაყალიბა. მან განაცხადა, რომ საკუთარი ინტერესი მწარმოებლებს აიძულებს ყველაზე დაბალ ფასად შექმნან ის, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ.

ფასი არის საქონლის ან მომსახურების ერთეულში გადახდილი ან მიღებული ღირებულების ფულადი გამოსახვა. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა საბაზრო სისტემას სასწაული უწოდა, რადგან ერთი ინდიკატორი, კერძოდ, საქონლის ან მომსახურების ფასი, ატარებს უამრავ ინფორმაციას და გამყიდველებსა და მყიდველებს ეხმარება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ შეძლონ იმის მიღება, რაც სურთ. ფასები საშუალებას გვაძლევს შევადაროთ სასურველი პროდუქტი ალტერნატიულ პროდუქტს, ანუ იმ სხვა პროდუქტს, რომლის ყიდვა ასევე შეგვიძლია.

მოთხოვნისა და მიწოდების კანონები

ჩვენ, მომხმარებლებს, გვინდა მივიღოთ მაქსიმუმი ჩვენი შეზღუდული რესურსებიდან, სწორედ ამიტომ, ადამიანები ითხოვენ საქონლის მეტ ერთეულს, როდესაც ფასი შედარებით დაბალია. ეს კანონზომიერება თქვენც გინახავთ თქვენს ცხოვრებაში: როცა რამე უფრო იაფია, მას მეტს ყიდულობთ, ხოლო თუ უფრო ძვირია, ნაკლებს ყიდულობთ. ზოგადად, როდესაც იზრდება საქონლის ან მომსახურების ფასი, მოთხოვნილი რაოდენობა მცირდება, რადგან უფრო ცოტა მყიდველს სურს და შეუძლია უფრო ძვირი რაღაცების ყიდვა. ეს უკუპროპორციული დამოკიდებულება ცნობილია, როგორც მოთხოვნის კანონი.

თავის მხრივ, გამყიდველები საბაზრო ფასებზე დაყრდნობით წყვეტენ, რამდენი უნდა გაყიდონ, რადგან თავისუფალ ბაზრებზე გამყიდველებს თითქმის არ შეუძლიათ ფასი დააწესონ თავიანთ საქონელზე. ისინი უნდა დასჯერდნენ იმ ფასს, რომლის უფლებასაც მათ ბაზარი მისცემს. რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო მეტი გამყიდველი გამოიტანს თავის საქონელს გასაყიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფასები დაეცემა, ნაკლები საქონელი იქნება გასაყიდი. ეს პირდაპირი დამოკიდებულება ფასსა და რაოდენობას შორის ცნობილია, როგორც მიწოდების კანონი. ეს ადვილად აიხსნება: უფრო მაღალი ფასები ზრდის მეტი მოგების მიღების შესაძლებლობას და გამყიდველებს მოტივაციას აძლევს, რომ მეტი გაყიდონ. გარდა ამისა, წარმოების ზრდის შედეგად მატულობს ყოველი შემდეგი ერთეულის წარმოების ხარჯი, ამიტომ მწარმოებლები მეტს გაყიდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასები ისე გაიზრდება, რომ მზარდი ხარჯების დაფაროს.

როგორ მიიღწევა საბაზრო ფასი?

თუ გამყიდველები ყიდიან იმაზე მეტ საქონელს, რისი ყიდვაც მომხმარებლებს შეუძლიათ, საქმე გვაქვს საქონლის სიჭარბესთან. ეს გამყიდველებს აიძულებს შეამცირონ ფასი, რათა თავიდან მოიშორონ ზედმეტი საქონელი. გამყიდველები, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი საწარმოო ხარჯი, განიცდიან ზარალს და, დიდი ალბათობით, ამ კონკრეტული საქონლით ტოვებენ ბაზარს. ფასი დაეცემა, სანამ არ მიაღწევს იმ დონეს, რომ საქონლის რაოდენობა, რომლის ყიდვა სურთ მომხმარებლებს, გაუტოლდეს იმ რაოდენობას, რომლის მიწოდებაც სურთ გამყიდველებს. ამ ფასს ეწოდება წონასწორობის ფასი. თუ ფასი წონასწორობის ფასზე ნაკლებია, მომხმარებლები მოინდომებენ იმაზე მეტის ყიდვას, ვიდრე გამყიდველებს სურთ მათ შესთავაზონ. ეს გამოიწვევს დეფიციტს, რის საპასუხოდაც საბაზრო ძალები ფასს ზრდისკენ უბიძგებენ. ამრიგად, არსებობს ქცევის მუდმივი უხილავი და უნებური შეთანხმება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, რისი შედეგიც არის ფასი, რომელიც აბალანსებს მიწოდებას და მოთხოვნას.

მაშინ რატომ დგება საქონლის და მომსახურების დეფიციტი ან სიჭარბე? თავისუფალ ბაზარზე ეს იშვიათად ხდება, რადგან ყველა მონაწილე იღებს საფასო სიგნალებს. გამყიდველები ვერ გაყიდიან იმ რაოდენობაზე მეტს, რა რაოდენობის ყიდვაც სურთ მყიდველებს, ვერც იმაზე მაღალ ფასად, რის გადახდაც მყიდველებს უნდათ. საბაზრო ფასები ამყარებენ წონასწორობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. საბაზრო ფასები ასევე აიძულებენ მიმწოდებლებს, რომ მყიდველებს საქონელი შესთავაზონ იმაზე მეტი ღირებულებით, ვიდრე დაუჯდათ ამ საქონლის წარმოება.

ეს სპონტანური წესრიგი არ საჭიროებს ცენტრალიზებულ დაგეგმვას. იგი თავისთავად მყარდება, რადგან ფასები ახდენს ადამიანების ინტერესების კოორდინირებას. ამის მიუხედავად, ზოგჯერ სახელმწიფო პოლიტიკა ამახინჯებს საფასო სიგნალებს გადასახადების, სუბსიდიების ან სხვა რეგულაციების მეშვეობით.

რა შუაშია ეს ყველაფერი საწვავთან?

მაგალითისთვის ავიღოთ უკრაინაში საწვავთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია. ალბათ, ყველა უკრაინელ მძღოლს უგრძვნია საწვავის დეფიციტი, როდესაც უცდია სამსახურში წასვლა, ნათესავების და სრულიად უცნობი ადამიანების ევაკუაცია, ფრონტის ხაზზე ჰუმანიტარული საქონლის მიწოდება და სხვა. რატომ დადგა დეფიციტი? რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორისაცაა კრემენჩუგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის იძულებითი დახურვა, ნავთობის საცავების დაბომბვა, დასავლეთ ევროპიდან იმპორტის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და გართულებული ლოგისტიკა. სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ 2021 წლის მაისში შემოიღო საწვავის მაქსიმალური ფასის შეზღუდვა. საწვავის ფასები უკრაინაში ორი კომპონენტისგან შედგება – საკუთრივ ბენზინის ფასისგან და სავაჭრო მარჟისგან, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების ქსელს შეუძლია დაამატოს სამინისტროს მიერ ბენზინის და დიზელის გამოთვლილ საშუალო ფასს. 2022 წლის თებერვლის ბოლოდან ეს მარჟა შეადგენდა 5 უკრაინულ გრივნას 1 ლიტრი ბენზინისთვის და 4.55 უკრაინულ გრივნას 1 ლიტრი დიზელის საწვავისთვის. მაშინ, როცა ბენზინის საშუალო ღირებულება გაიზარდა, რათა აესახა ფაქტობრივი დანახარჯები, ფასის რეგულირებულმა ნაწილმა ვერ ასახა ცვლილებები საწვავზე მოთხოვნაში და მისი დისტრიბუციის ახალი დანახარჯები. ამრიგად, წვდომა ამჯერად დარეგულირდა არა იმისდა მიხედვით, თუ რამდენის გადახდა სურთ მომხმარებლებს, არამედ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არიან მზად დახარჯონ დრო იმ თითო-ოროლა ბენზინგასამართი სადგურის რიგში, რომლებსაც რეალურად ჰქონდათ საწვავი.

მას შემდეგ, რაც მიიღო დაბალი ფასები „ქაღალდზე“, ცარიელი ბენზინგასამართი სადგურები და უკიდურესად გაღიზიანებული მძღოლები, რომელთაგან ბევრი 5 საათზე მეტს ატარებდა რიგში 10 ლიტრი საწვავის საყიდლად, მთავრობამ ფასზე კონტროლი მოხსნა. ამის შედეგად 1 ლიტრი ნავთობის ფასი 38 უკრაინული გრივნიდან გაიზარდა და 50 უკრაინულ გრივნას გადააჭარბა. ამის მიუხედავად, დღეისათვის მეტი საწვავია ხელმისაწვდომი და რიგებმაც საგრძნობლად იკლო, ვინაიდან მაღალმა ფასებმა დაწია მოთხოვნა და გაზარდა ბენზინგასამართი სადგურების მოტივაცია, რომ საწვავი მიაწოდონ საცალო ბაზარს.

ეს სტატია, ნატალია მელნიკის ავტორობით, რომელიც არის EFI-ის ქვეყნის პარტნიორის, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრის, წარმომადგენელი, გამოქვეყნდა „რუბრიკაში“