კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

ობი-ვან ენობი, საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკის სპეციალისტი

ბაირონ ბ. კარსონ III
01.01.70

შეიძლება „ვარსკვლავური ომები“ იყოს გალაქტიკათშორისი პორტალი საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის უკეთ გასაგებად? ობი-ვან კენობი, რომელზეც მალე ცალკე სერიალს[1] გადაიღებენ, არა მხოლოდ სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი ჯედაი და შესანიშნავი რიტორიკოსია[2], არამედ ასევე არის პოლიტიკური ეკონომიკის მნიშვნელოვანი მასწავლებელი.[3]

ობი-ვანის გაფრთხილება

„კლონთა იერიშში“[4] სენატორ პადმე ამიდალას მკვლელობის მუქარისგან დაცვის დროს, ანაკინ სკაიოუკერი და ობი-ვანი განიხილავენ უსაფრთხოების გეგმებს, ანაკინის მწუხარებას დედის სიკვდილის გამო და ამიდალას მიმართ მასში გაღვიძებულ გრძნობებს. ამიდალასთან დაკავშირებით ანაკინისთვის რჩევის მიცემისას ობი-ვანი მას შეახსენებს, რომ ამიდალა პოლიტიკოსია. ობი-ვანი ამბობს, „არ დაგავიწყდეს, რომ ის პოლიტიკოსია. პოლიტიკოსების ნდობა კი არ შეიძლება“.

„კლონთა იერიში“ (2002 წ.) ღიად პოლიტიკურია, როგორც ენ ლანკაშირი[5] აღნიშნავს – და როგორც ქეს სანსტაინი[6] ახასიათებს მთლიან საგას – მაგრამ ობი-ვანის კომენტარი საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკასაც ეხება. ობი-ვანის სიტყვები არ არის ნიჰილისტური და არ გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკოსები არ უნდა გვყავდეს. იგი გულისხმობს იმ როლს, რომელსაც პოლიტიკოსები ასრულებენ „ვარსკვლავური ომების“ შესაბამის მმართველობით სისტემაში, ანუ გალაქტიკურ სენატში[7].

ანაკინის გულუბრყვილობა

ობი-ვანის გაფრთხილების საპასუხოდ ანაკინი ავლენს რომანტიკულ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ და ამხელს თავის გრძნობებს ამიდალასადმი. ანაკინი აცხადებს, „ის სხვა სენატორებს არ ჰგავს…“ ეს პასუხი გაჟღენთილია გულუბრყვილობით – მცდარი მოსაზრებით – რომელსაც იზიარებს ბევრი, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები, არჩეული სახელმწიფო მოხელეები და სახელმწიფოები შეუმცდარნი არიან, ან მინიმუმ, მათ ნდობას მაინც უცხადებენ.

ობი-ვანი მარჯვედ უკუაგდებს ანაკინის პასუხს და აფრთხილებს: „ჩემი გამოცდილებით, სენატორები მხოლოდ იმ პირთა ინტერესებზე ზრუნავენ, რომლებიც მათ კამპანიებს დააფინანსებენ“. ობი-ვანი ანაკინს მოუწოდებს, რომ ყურადღება გაამახვილოს სტიმულებზე და არა ცალკეულ ადამიანებზე ან მათ მოტივებზე. სწორედ ეს არის ანაკინის შეცდომა. ობი-ვანი არ მიაწერს პოლიტიკოსებს ავ ან საზიანო მოტივებს. ამის გაკეთება წინააღმდეგობაში მოვიდოდა საზოგადოებრივი არჩევანის ლოგიკასთან. მიუხედავად პირის მოტივებისა – ანგელოზი იქნება ის თუ გაიძვერა, ჯედაი თუ სითი – სტიმულები ყველაზე უკეთ განმარტავს მათ ქცევას. მნიშვნელობა არ აქვს, ამიდალაზე ვსაუბრობთ, ოსტატ იოდაზე, შმი სკაიუოკერზე, ჯა ჯა ბინკსზე, დართ ვეიდერზე, თუ იმპერატორ პალპატინზე, სტიმულები გავლენას ახდენს საბაზრო თუ პოლიტიკურ გარემოში ამ პირების მიერ გამოვლენილ ქცევაზე. ეს არის საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომიკის, ანუ შეულამაზებელი პოლიტიკის არსი.

ობი-ვანი ამბობს: „და ისინი სულაც არ ერიდებიან დემოკრატიის სიკეთეების დავიწყებას ამ სახსრების მისაღებად“. სენატორები შეიძლება ძალიანაც აფასებდნენ დემოკრატიას, მაგრამ გარკვეული სტიმულები მათ აიძულებს, უგულებელყონ და ზოგჯერ დაამახინჯონ ეს ღირებულებები. ანაკინი მოზარდისთვის დამახასიათებელი გაღიზიანებით უკუაგდებს ობი-ვანის არგუმენტს შემდეგი სიტყვებით: „ოღონდაც ისევ ლექციას ნუ წამიკითხავთ, თანაც პოლიტიკის ეკონომიკაზე!“

მოგვიანებით, ამავე სცენაში, ანაკინი დასძენს: „… და თანაც, თქვენ აზოგადებთ. კანცლერი სულაც არ ჩანს კორუმპირებული“. ობი-ვანი იცავს თავის საზოგადოებრივი არჩევანის ლოგიკას: „პალპატინი პოლიტიკოსია. შემიმჩნევია, რომ ის ჭკვიანურად მართავს სენატორების მისწრაფებებს და განწყობებს.“ ანუ პალპატინი სხვებს იყენებს არა რესპუბლიკის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი მიზნებისთვის. თუმცა, შხამიანი მრავალფეხებისგან ამიდალას გადარჩენამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ანაკინი სრულად ავლენს თავის რომანტიზმს, როდესაც აცხადებს: „ჩემი აზრით, [პალპატინი] კარგი ადამიანია.“

*– პოლიტიკოსები საზოგადოებრივ ინტერესებს იცავენ. 
– მაგრამ საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებთ, არა?
– ...
– მაგრამ საკუთარი ინტერესებიც აქვთ, არა?

არც ობი-ვანი და არც საზოგადოებრივი არჩევანის ლოგიკა არ გულისხმობს ასეთ მოტივაციებს. ადამიანები რეაგირებენ სტიმულებზე, გამონაკლისს არც გალაქტიკური სენატის სენატორები და კანცლერები წარმოადგენენ. ანაკინს რომ ობი-ვანისთვის ყური დაეგდო, შეიძლება მოეგერიებინა პალპატინის იერიშები და მიმხვდარიყო მის კავშირს ბნელ მხარესთან.

საზოგადოებრივი არჩევანი ყველა გალაქტიკისთვის

საზოგადოებრივი არჩევანის[8] ლოგიკა რელევანტურია რეალური სამყაროსთვის, მათ შორის ჩვენთვის აქტუალური პოლიტიკური პროცესებისთვის.

რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან პოლიტიკოსებმა – იქნება ეს საბიუჯეტო სახსრების ინფრასტრუქტურასა[9] და უკრაინაში კონფლიქტზე[10] ხარჯვა, ფასების გაბერვა, ბავშვთა ხელოვნურ კვებაზე რეგულაციების და ტარიფების დაწესება[11], კოვიდ-19-ის ტესტები თუ სკოლაში დისტანციური სწავლების[12] გახანგრძლივება – ისინი რეაგირებენ მათ წინაშე მდგომ სტიმულებზე. ასეთ ნაბიჯებს მაინცდამაინც რესპუბლიკელობა ან დემოკრატობა შეიძლება არც განსაზღვრავდეს – რეალურ სამყაროში ხომ სინათლე არ უპირისპირდება ბნელს – არც ხელისუფლებაში კონკრეტული ადამიანების ყოფნა. ამ ნაბიჯებს დგამენ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ მათ წინაშე არსებული სტიმულების მიხედვით, კერძოდ, ხმების მოსაზიდად, კამპანიის დასაფინანსებლად, პრესტიჟის მოსაპოვებლად, თანამშრომლების რაოდენობის გასაზრდელად და ა. შ.

შეიძლება მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ობი-ვანს, მის საზოგადოებრივი არჩევანის ლოგიკას და პოლიტიკური ეკონომიკის უფრო ვრცელ საკითხებს, რომლებსაც ბრწყინვალედ ასახავს „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზი. იქნებ ამ გზით გამოვიმუშაოთ ჯანსაღი უნდობლობა პოლიტიკოსების, კანცლერების და „კარგი“ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ვირჩევთ და მეტი ყურადღება მივაქციოთ იმ წესებს – ან წესების არარსებობას – რომლებიც პოლიტიკოსებს ხელს უშლის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაში.

წინამდებარე სტატია ეკუთვნის ბაირონ ბ. კარსონს III და ამერიკის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტს, Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. სტატიის ორიგინალური ვერსია იხილეთ აქ.

[1] https://www.econlib.org/library/Enc/PublicChoice.html
[2] https://disneyplusoriginals.disney.com/show/obi-wan-kenobi
[3] https://starwars.fandom.com/f/p/3343172654596358748
[4] https://www.bloomberg.com/opinion/articles/2022-05-16/u-s-baby-formula-shortage-worsened-by-tariffs-red-tape
[5] https://dalspace.library.dal.ca/handle/10222/63479
[6] https://www.amazon.com/World-According-Star-Wars/dp/0062484222/ref=tmm%5Fhrd%5Fswatch%5F0?%5Fencoding=UTF8&qid=&sr=
[7] https://www.starwars.com/databank
[8] https://www.amazon.com/Public-Choice-Introduction-Political-Economy/dp/1559340223
[9] https://www.cbo.gov/topics/infrastructure-and-transportation
[10] https://www.washingtonpost.com/world/interactive/2022/biden-ukraine-military-aid-us/
[11] https://www.bloomberg.com/opinion/articles/2022-05-16/u-s-baby-formula-shortage-worsened-by-tariffs-red-tape
[12] https://www.nytimes.com/2022/01/08/us/teachers-unions-covid-schools.html