აიფონი თუ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი? ალტერნატიული დანახარჯების გააზრება გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება


ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ეს ფასი ყოველთვის ფარდობითია. მოდით, მოგახსენებთ, რატომ და როგორ შეიძლება ის სწორად განისაზღვროს ომისა და მშვიდობის პირობებში.
შეზღუდული რესურსები და ადამიანის შეუზღუდავი სურვილები იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად გვიხდება ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთება. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომელიც არ ავირჩიეთ. სწორედ ამიტომ, ეკონომისტები ყველა დანახარჯს ალტერნატიულად განიხილავენ.
ალტერნატიული დანახარჯი არის არჩევანის გაკეთების შედეგად დაკარგული შესაძლებლობებიდან საუკეთესო.
თუ ფულს რაღაცის ყიდვაზე ხარჯავ, მას სხვა რამეზე ვეღარ დახარჯავ. როგორც ეს კროპივნიცკელი შვიდი წლის გოგონას შემთხვევაში მოხდა, რომელმაც ფული აიფონისთვის შეაგროვა, მაგრამ აიფონის ყიდვის ნაცვლად უკრაინელი ჯარისკაცისთვის ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახარჯა. ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ღირებულების ალტერნატივა არის აიფონი.
პროდუქტის ფასი ჩვენ, როგორც მომხმარებლებს გვეხმარება იმაში, რომ მისი ყიდვის სურვილი შევადაროთ ალტერნატიული ნივთების მიღების სურვილს, რისი ყიდვაც ამ პროდუქტის ნაცვლად შეგვეძლო.
ალტერნატიული ღირებულება გადაწყვეტების უხილავი მხარეა
ფრანგმა ეკონომისტმა ფრედერიკ ბასტიამ (1801-1850 წ.წ.) ალტერნატიული დანახარჯი განმარტა, როგორც ხილული და უხილავი ფენომენი. მისი კვლევის თანახმად, ეკონომიკამ უნდა გვასწავლოს ნივთების შეფასება არა იმის მიხედვით, თუ რას ვხედავთ, მაგრამ იმის მიხედვითაც, რასაც ვერ ვხედავთ.
როდესაც გარკვეულ ნივთებს შორის არჩევანზე მიდგება საქმე, ალტერნატიული დანახარჯი ცხადად ჩანს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ფულს პირდაპირ არ ხარჯავ რამე ქმედებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არჩევანი არაფერი დაგიჯდა. მაგალითად, დრო, რომელსაც ვხარჯავთ ახალი ამბების თვალყურის დევნებაზე 24 თებერვლიდან მოყოლებული, შეიძლებოდა სხვა რაღაცებისთვის მოგვეხმარა, როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო სხვა რამეზე ყურადღების გადატანა.
ეს პრინციპი ვრცელდება ყველა გადაწყვეტილებაზე, რომლებსაც ცხოვრებაში ვიღებთ. მაგალითად, გადაწყვიტე წაიკითხო ერთი წიგნი და არა – მეორე. ფულს რიცხავ ფონდში „ცოცხალი დაბრუნდი“ და არ ზოგავ მშვიდობიანი დროისთვის. სწავლობ, რომ გახდე ინტერიერის დიზაინერი და არა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. მიდიხარ მოხალისედ ნაცვლად იმისა, რომ სამსახურს დაუბრუნდე. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს ყველას არ შეუძლია ჯარში დაუყოვნებლივ წასვლა და ყველა, ვინც ფრონტზე არ იბრძვის, ვერ გახდება მოხალისე. ბოლოს და ბოლოს, თუ არავინ იმუშავებს და ფულს არ იშოვის, მაშინ ფული არ დაიხარჯება. აღარ იქნება მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, სკოლები, კაფეები თუ რესტორნები. ფულის გამომუშავებით შეგიძლია მხარი დაუჭირო ადგილობრივ ეკონომიკას და რეგულარულად აგზავნო ფული ჯარისთვის.
არაფერია უფასო
ჩვენ ხშირად გვსმენია უფასო განათლების, სამედიცინო მომსახურების ან საცხოვრებლის შესახებ. ეს სიტყვა შეცდომაში შემყვანია, რადგან ეს ყველაფერი უფასო არ არის. თითოეული მათგანი მოითხოვს შეზღუდულ რესურსებს. გარდა ამისა, არსებობს ამ რესურსების გამოყენების ალტერნატიული გზები. სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ხარჯების გადანაწილება, მას არ შეუძლია ხარჯების აღმოფხვრა. ამიტომ თუ გავზრდით ჯარის დაფინანსებას, ნაკლების დახარჯვას შევძლებთ სხვა საჭიროებებზე.
არსებული რესურსების საუკეთესოდ გამოყენება
საფრანგეთში მცხოვრები 16 წლის ჟაკი ყოყმანობს, დაიწყოს თუ არა მოწევა. ერთ მხრივ მოწევა მას საშუალებას მისცემს თავი შინაურად იგრძნოს მეგობრების ჯგუფში, რომლებიც მწეველები არიან. მეორე მხრივ, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე არ არის იაფი. ვთქვათ, ჟაკი თანატოლების ზეწოლას ვერ უძლებს და მოწევის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. დავუშვათ, ერთი კოლოფი სიგარეტი 8 ევრო ღირს. დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, ჟაკი წელიწადში 2,920 ევროს დახარჯავს. ალტერნატიული არჩევანი იქნებოდა ამ თანხის საპენსიო ფონდში დაბანდება, რომელიც არ იბეგრება მოგების გადასახადით, წელიწადში 7 პროცენტად. ეს რომ 10 წლის განმავლობაში ეკეთებინა, 26 წლის ასაკში ექნებოდა 40 344 ევრო, მხოლოდ 29 200 ევროს დაზოგვის შედეგად. 10 წლის შემდეგ დაუგროვდებოდა 119 707 ევრო, 58 400 ევროს დაზოგვის შედეგად და 46 წლის ასაკში მისი დანაზოგი შეადგენდა 275 825 ევროს, 87 600 ევროს მთლიანი ინვესტიციის შედეგად.
რა არის ჟაკის არჩევანის „ღირებულება“? ეს არის არა მხოლოდ 87 600 ევრო, რომელიც პირდაპირ დაიხარჯა ამ მავნე ჩვევაზე, მაგრამ ასევე ფარული ეფექტები სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების, ძვირი სამედიცინო დაზღვევის და სხვ. სახით. ასევე არსებობს 275 825 ევროს დაზოგვის დაკარგული შესაძლებლობა, რაც იქნებოდა მისი რესურსების შესაძლო გამოყენების ალტერნატივებს შორის საუკეთესო.
რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? გადაწყვეტილების მიღებისას არ უგულებელყოთ ალტერნატიული ღირებულება. ის გონივრული არჩევანის დიდებული მოკავშირეა!
ეს სტატია, ნატალია მელნიკის ავტორობით, რომელიც არის EFI-ის ქვეყნის პარტნიორის, ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრის, წარმომადგენელი, გამოქვეყნდა „რუბრიკაში“