კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

მუსიკის ხელმისაწვდომობა

გეილ პული
18.01.24

იმ დროში, რაც 1955 წელს ჩვენს ბებია-ბაბუებს ერთი სიმღერის საყიდლად სამყოფი ფულის გამომუშავება სჭირდებოდათ, დღესდღეობით 19,750 სიმღერა მოგვივა.

თომას ედისონმა ფონოგრაფი 1877 წელს გამოიგონა. პირველი ფირფიტები, რომელთა მოსმენა შეიძლებოდა, კალის ორ ფოლგას შორის მოთავსებული ქაღალდისგან იყო დამზადებული.

1949 წლის 15 მარტს „RCA Victor“ გახდა პირველი სტუდია, რომელმაც წუთში 45 ბრუნის ვინილის ფირფიტები გამოუშვა.  ისინი ზომით უფრო მომცრო იყო და ნაკლებ მუსიკას იტევდა, ვიდრე იმ დროისთვის პოპულარული 78 ბრუნის ფირფიტები და სხვადასხვა ფერის იბეჭდებოდა. „როლინგ სტოუნსი“ აღნიშნავს: „ორმოცდაათიანი წლების თინეიჯერებმა აიტაცეს იოლად სატარებელი, უფრო იაფიანი ფორმატი; იმ დროის ერთი რეკლამის მიხედვით, თითო ფირფიტა 65 ცენტი ღირდა. 1955 წელს როკის ერთ-ერთი ადრეული, გარდამტეხი მნიშვნელობის ჰიტის, ბილ ჰეილი და მისი კომეტების სინგლის „Rock Around the Clock“, 3 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

არაკვალიფიციური მუშახელი 1955 წელს საათში დაახლოებით 97 ცენტს გამოიმუშავებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი სიმღერის დროით გამოხატული ფასი 40 წუთის სამუშაო იყო.

„Apple“-ის  „iTunes Store“ 2003 წლის 28 აპრილს ამუშავდა და სიმღერებს 99 ცენტად ყიდდა. ამ დროისთვის არაკვალიფიციური მუშახელის ანაზღაურება საათში 9.25 დოლარამდე იყო გაზრდილი. სიმღერის დროითი ფასი 84 პროცენტით, 6.42 წუთის სამუშაომდე დაეცა. 2003 წელს მსმენელები 1955 წლის ერთი სიმღერის ფასად ექვს სიმღერას ყიდულობდნენ.

„Apple Music“ 2015 წლის 30 ივნისიდან ამოქმედდა. დღეისათვის სტუდენტს თვეში 5.99 დოლარად 90 მილიონ სიმღერაზე მიუწვდება ხელი. არაკვალიფიციური მუშახელი საათში 14.53 აშშ დოლარს შოულობს, ანუ დროითი ფასი დაახლოებით 25 წუთის სამუშაოა. მომხმარებლებს შეუძლიათ ალბომების და ტრეკების სტრიმინგიც და ჩამოტვირთვაც მოწყობილობებზე ოფლაინ მოსასმენად. სტანდარტული სიმღერის ხანგრძლივობა სამიდან ოთხ წუთამდეა. თვეში 12,342 სიმღერის მოსმენა შეგიძლიათ. თითოეული სიმღერის დროითი ფასი დაახლოებით ერთი მერვედი წამის სამუშაოა.

იმ დროში, რაც 1955 წელს ჩვენს ბებია-ბაბუებს ერთი სიმღერის საყიდლად სამყოფი ფულის გამოსამუშავებლად სჭირდებოდათ, დღესდღეობით 19,750 სიმღერა მოგვივა. 1955 წლიდან მუსიკის ხელმისაწვდომობა წელიწადში 15.9 პროცენტით მატულობდა და ყოველ 4.5 წელში ორმაგდებოდა.

ყველა პროდუქტი, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ, წარმოადგენს ადამიანების მიერ აღმოჩენილი და შემდეგ დანარჩენი ჩვენგანისთვის თავისუფალ ბაზრებზე გაზიარებული აურაცხელი ცოდნის კულმინაციას. შექმენით მუსიკა და გაუზიარეთ ის პლანეტას. ჩვენ თავსაც ვარგებთ და ერთმანეთსაც გავუხალისებთ ცხოვრებას.

დღესაც გვაქვს პრობლემები? რასაკვირველია, გვაქვს. და გამოწვევების წინაშე ყოველთვის ვიდგებით. მაგრამ შეხედეთ, რამდენს მივაღწიეთ ბოლო 200 წელიწადში. აი, რა ხდება, როდესაც ადამიანებს ხელ-ფეხი ეხსნებათ ერთმანეთის პრობლემების გადასაჭრელად.

ეკონომიკის ამ ფაქტების და იდეების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენს ახალ წიგნში „Superabundance“, რომელიც ხელმისაწვდომია Amazon-ზე.

ეს სტატია მოწოდებულია „Gale Pooley“-ის და „Human Progress“-ის მიერ შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. სტატიის ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ აქ.