კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

შერვუდის ტყიდან უოლ-სტრიტამდე: ეკონომიკის ცნებები საბავშვო ლიტერატურაში

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის
13.02.23

მაკროეკონომიკა საბავშვო საკითხავი ნამდვილად არაა, მაგრამ ის მაინც შეიძლება იქცეს საბავშვო ლიტერატურის თემად. არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ბევრი ადამიანისთვის დისტრიბუციული სამართლის ცნებასთან პირველი შეხება უნდა ყოფილიყო რობინ ჰუდის დაპირისპირება ნოტინგემის შერიფთან. სხვა წიგნებშიც უამრავ მინიშნებას წააწყდებით ეკონომიკაზე, როგორიცაა ტომ სოიერის მიერ მეგობრების მოტყუებით დასაქმება ან პეპი გრძელიწინდას მიერ ნაბეჭდი ფულის ათვალწუნება (გარდა წმინდა ოქროს მონეტებისა, რომლებიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო).

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ ახალი კვლევა საფუძვლიანად შეისწავლის, როგორ აისახება ეკონომიკური საკითხები საბავშვო და საყმაწვილო წიგნებში. ჰანს იურგენ შლოსერმა, მაიკლ შუენმა და ჰელენ შლოსერმა გამოიკვლიეს ისეთი კლასიკური ნაწარმოებები, როგორიცაა დევიდ კოპერფილდი და ტომ სოიერი, ასევე ბოლოდროინდელი ბესტსელერები და არამხატვრული ლიტერატურა. სამი საუკუნის განმავლობაში შექმნილმა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურამ გამოავლინა საერთო თემები, მოძველებული კლიშეები და ეკონომიკის ცნებების დიდაქტიკური თვალსაზრისით ღირებული გადმოცემის მაგალითები. სრული კვლევა არა მხოლოდ ეკონომიკის დიდაქტიკით დაინტერესებულ პირებისთვის იქნება საყურადღებო, არამედ ასევე მშობლებსაც გამოადგებათ გზამკვლევად შვილისთვის დაბადების დღის საჩუქრის შერჩევისას.

„საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა ადრეულ ასაკშივე აყალიბებს ეკონომიკურ თვალთახედვას,“ - ასკვნიან კვლევის ავტორები. დამოკიდებულება მოგების, სიმდიდრისა და კონკურენციისადმი სულ პირველად ფორმირდება ლიტერატურულ გმირებთან და ანტიგმირებთან შეხვედრის საპასუხოდ. ბევრ შემთხვევაში, ეკონომიკური ცნებები ზედაპირულად არის განხილული: ფული იოლად ხელმისაწვდომია, ხოლო სიმდიდრე - ამოუწურავი.

თუმცა სხვა წიგნები უფრო სასარგებლო და ინფორმაციულია. ჩარლზ დიკენსის შედევრი „დევიდ კოპერფილდი“, მაგალითად, „ოსტატურად აღწერს მე-19 საუკუნეში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს“, ხოლო „რობინზონ კრუზო“ ხოტბას ასხამს ადამიანის საზრიანობას და ტექნოლოგიურ პროგრესს. ანალოგიურად, „ჰარი პოტერში“, „მოლი მუნსა“ და „ჯადოსნური ყვავილების მაღაზიაში“ შეხვდებით ვალუტის კონვერტაციას, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებს და ეკონომიკური ურთიერთქმედების ბევრ სხვა მაგალითს.

ბოლო დროს ლიტერატურა მარაგდება ისეთი წიგნებით, რომლებსაც მკაფიო საგანმანათლებლო მიზანი აქვს. მაგალითად, ეკონომიკური ჟურნალისტი ნიკოლაუს პაიპერი მკითხველებს ამოგზაურებს ბენზინგასამართი სადგურებიდან საფონდო ბირჟებამდე, ხოლო ლარა ბრაიანი და ენდი პრენტისი ახალგაზრდა მკითხველებს აცნობენ ნობელიანტ ეკონომისტს - ელინორ ოსტრომს და საზიარო რესურსების პრობლემას.

მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე უზარმაზარი არჩევანია.

„ზოგიერთი ნაწარმოები მხარს უჭერს თავისუფალ ბაზარს, ხოლო სხვები აკრიტიკებენ კაპიტალიზმსა და გლობალიზაციას,“ - აღნიშნავენ კვლევის ავტორები, - „ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ბიზნესმენების აღწერა არაკეთილგანწყობილი და ზოგჯერ გესლიანიც კია. ასეთ შემთხვევებში ილუსტრაციებიც კლიშეებით არის გაძეძგილი, მაგალითად, ბიზნესმენი ყოველთვის სიგარას ეწევა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, სიმდიდრე და მოგება კანონიერი გზითაა მოპოვებული თუ არა.“

იმის გათვალისწინებით, რომ კვლევები ხაზს უსვამს ღრმა ბავშვობაში იდეების და ცნებების გაცნობის უდიდეს მნიშვნელობას, ამ ყველაფერს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მეწარმეების კლიშეებით გადმოცემამ შეიძლება გვიანდელ ასაკში თავისუფალი ბაზრებისადმი მტრული დამოკიდებულება განაპირობოს. და პირიქით, ადრეულ ასაკში ეკონომიკური ცნებების სიღრმისეულად გააზრებამ შესაძლოა მოგვიანებით დიდი სარგებელი მოიტანოს. ეკონომიკური განათლება ხომ, ბოლოს და ბოლოს, ჯადოქრობა არაა.

სტატია „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ საკუთრებაა.