კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

როგორ განმარტავენ ეკონომისტები „მოხმარებას“

დონალდ ჯეი ბორდოს
03.04.24

სამეტყველო ენა კომუნიკაციის შესანიშნავი საშუალებაა. ენის გამოყენებით ჩვენ, ადამიანები, ჰაერის, ქაღალდის, პიქსელების მეშვეობით იდეებს ერთი ტვინიდან სხვა ტვინებს გადავცემთ. ხატოვნად რომ ვთქვათ, ენა თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობას აძლევს, რომ ადამიანები, კარგი გაგებით, ჩვენს თავში ჩავახედოთ.  თუ გეტყვით: „მე მიყვარს კარტოფილის ჩიფსი“, თქვენ იმ დასკვნას გამოიტანთ, რომ თხლად დაჭრილი, შემწვარი და მარილმოყრილი კარტოფილის ჭამა მიყვარს. წამითაც არ იფიქრებთ, რომ ამ წინადადებით მე იმის თქმა მინდა, რომ ეს კერძი ისეთივე ემოციურ მიჯაჭვულობას აღძრავს ჩემში, როგორიც, ვთქვათ, ჩემი ვაჟის მიმართ მაქვს, რომელიც, სხვათა შორის, ასევე მიყვარს.

მაგრამ ისევე, როგორც ყველაფერი, რაც ადამიანებს უკავშირდება, ენაც არ არის სრულყოფილი. სიტყვის ყველაზე დახელოვნებულ ოსტატსაც კი გაუჭირდება სხვა ადამიანები სრულად ჩაახედოს თავის თავში. „მე მიყვარს კარტოფილის ჩიფსის“

მაგალითი ხაზს უსვამს ენის არასრულყოფილების ერთ-ერთ მიზეზს: ძალიან ხშირად სიტყვას აქვს ორი ან მეტი სხვადასხვა, მაგრამ არა სრულიად განსხვავებული, მნიშვნელობა. არსებობს გარკვეული მსგავსება კარტოფილის ჩიფსებისადმი „სიყვარულსა“ და ჩემი ვაჟისადმი „სიყვარულს“ შორის. მოხარული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში კარტოფილის ჩიფსიც და ჩემი ვაჟიც არსებობენ და ორივე მათგანი მანიჭებს ბედნიერებას, რისთვისაც გარკვეული მსხვერპლის გაღებაზეც კი თანახმა ვარ. ამის მიუხედავად, თუ ვიტყვი: „მე მიყვარს კარტოფილის ჩიფსი“, ბუნებრივია, არავინ დაუშვებს, რომ გრძნობა, რომელიც მაქვს კარტოფილის ჩიფსის მიმართ, რამენაირად შეედრება ან გაუტოლდება იმ გრძნობას, რომელიც ჩემი ვაჟის მიმართ მაქვს.

სამწუხაროდ, სხვადასხვა, მაგრამ არა სრულად განსხვავებული მნიშვნელობების მქონე სიტყვების გამოყენება ნამდვილად იწვევს გულწრფელ გაუგებრობას. ასეთი გაუგებრობა ხშირად ხდება, როდესაც ეკონომისტები ფართო საზოგადოებას ესაუბრებიან.

ეკონომისტების ცოტა განცხადება იწვევს იმდენ გაუგებრობას, რამდენსაც ადამ სმიტის ცნობილი მტკიცება „ხალხთა სიმდიდრეში“, რომ “მოხმარება არის ყოველგვარი წარმოების ერთადერთი შედეგი და მიზანი; და მწარმოებლის ინტერესი დაცული უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო შეიძლება იყოს მომხმარებლის ინტერესის დასაცავად. ეს მაქსიმა იმდენად თავისთავადი ჭეშმარიტებაა, რომ აბსურდული იქნებოდა მისი მტკიცება“.

ეკონომისტისთვის სმიტის მტკიცება, რომ მოხმარება ყოველგვარი წარმოების ერთადერთი შედეგი და მიზანია, მართლაც თავისთავადი ჭეშმარიტებაა. ამ მტკიცების უარყოფა სისულელე იქნება. თუმცა, ბევრი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ეკონომისტი არ არის, მაინც უარყოფს მას. არაეკონომისტებსა და ეკონომისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ის იწვევს, რომ სიტყვა „მოხმარება“ არაეკონომისტებს ეკონომისტებისგან ოდნავ უფრო განსხვავებული მნიშვნელობით ესმით.

ეკონომისტი „მოხმარებას“ განსაზღვრავს, როგორც ეკონომიკური საქმიანობის საბოლოო მიზანს. შენი, როგორც მომხმარებლის, სურვილი არის ის, რაც, შენი აზრით, პირდაპირ გაზრდის ცხოვრებით შენს კმაყოფილებას. „სამომხმარებლო საქონელი“, თავის მხრივ, არის ის საქონელი (და მომსახურება), რომელთა გამოყენებით შენ შეძლებ პირდაპირ დაიკმაყოფილო შენი, როგორც მომხმარებლის, სურვილები.

ცხოვრებით კმაყოფილების ზრდის ერთ-ერთი აშკარა ხელშემწყობი ფაქტორი არის კომფორტული ადგილი, სადაც შეძლებ რეგულარულად მოსვენებას და ძილს. ამისათვის ყიდულობ ან ქირაობ სახლს და აწყობ მას ტექნიკით და ავეჯით, რომელთაც პირდაპირ იყენებ. შენი სახლი, ტექნიკა და ავეჯი შენი სამომხმარებლო საქონელია. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, შენი საწოლი ყოველ ღამით გეხმარება მომდევნო დღისთვის მომზადებაში იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად იმუშაო, შენ არ ფიქრობ საწოლზე, როგორც საშუალებაზე. შენ საწოლი იმისთვის არ გიყიდია, რომ უკეთ მუშაობაში შეგიწყოს ხელი. უფრო გასაგები იქნება, თუ ვიტყვით, რომ, პირიქით, მუშაობა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ, სხვა სამომხმარებლო საქონელთან ერთად, კომფორტული საწოლიც შეიძინო.

დედამიწაზე ვერ იპოვით ორ ადამიანს, რომელსაც ზუსტად ერთნაირი გემოვნება და სურვილები ექნება. შეიძლება შენ უპირატესობას ანიჭებდე ორადგილიან საწოლს, ხოლო მე საწოლნახევრიანი მერჩივნოს. მაგრამ მოხმარების სურვილი ყველა ადამიანს აქვს და ყოველი ადამიანისთვის ეს სურვილი არის ის, რაც მას ეკონომიკური საქმიანობის, ანუ მუშაობის და ვაჭრობის მოტივაციას აძლევს. მუშაობამ და ვაჭრობამ შეიძლება სიამოვნება მოგვანიჭოს (და ხშირად ასეც ხდება) იმისდა მიუხედავად, თუ რა იქმნება მუშაობის შედეგად ან რა მიიღება ვაჭრობის შედეგად. მაგრამ მუშაობა და ვაჭრობა, უმეტესწილად, მაინც სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების მიღების საშუალებაა.

მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, და მათ რიცხვს მეც მივეკუთვნები, ვისაც თავისი სამუშაო უყვარს. მაგრამ ჯერ არ შევხვედრილვარ ისეთ ადამიანს, რომელსაც თავისი სამუშაო იმდენად ეყვარებოდა, რომ მის კეთებას ანაზღაურების გარეშე დათანხმდებოდა. ის სამუშაოც კი, რომელიც ადამიანებს უყვართ, არის საშუალება, და არა მიზანი.

ანალოგიურად, ჩემს ბაბუებს და მამაჩემს სიამოვნებას ანიჭებდათ ხეზე მუშაობა. ეს მათი ჰობი იყო. ამავე ჰობით არის დაკავებული ჩემი ვაჟიც. მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე მათგანი გულგრილი დარჩენილიყოს თავისი სადურგლო საქმის საბოლოო ფიზიკური შედეგით. თითოეული ეს კაცი შრომას სწევდა ნივთების გასაკეთებლად - სამზარეულოს საჭრელი დაფები, წიგნის კარადები, სახლის მიშენება, რაც, დასრულებულ სახეს რომ იღებდა, ადამიანურ კმაყოფილებას იწვევდა. მათგან არცერთი არ ხერხავდა, აჭედებდა, ხეხავდა, ბურღავდა ან აწებებდა მხოლოდ და მხოლოდ პროცესით სიამოვნების მისაღებად. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა მათი შრომის შედეგი მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდებოდა, მაგალითად, წიგნების კარადა დაფერდებული ან სამზარეულოს საჭრელი დაფა ულამაზო გამოვიდოდა, ისინი გულდაწყვეტილები რჩებოდნენ. მათი შეფასებით, ამ დეფექტურ საგნებზე დახარჯული დრო და ძალისხმევა ფუჭი იყო.

ეკონომისტს ამ რეალობიდან ის დასკვნა გამოაქვს, რომ წარმოება არ არის უბრალოდ ადამიანური ძალისხმევით რესურსების პროდუქტად გარდაქმნა. წარმოება არის ღირებულების შექმნა. „ღირებულება“ კი ნიშნავს სამომხმარებლო კეთილდღეობისთვის რამის შემატებას. ეკონომისტისთვის წარმოება და მოხმარება ერთი მონეტის ორი მხარეა, ერთი მეორისგან განუყოფელია. იოლად მისახვედრია, რომ შეუძლებელია რამის მოხმარება, თუ ის ჯერ ნაწარმოები არაა. მაგრამ ისიც სიმართლეა, თუმცა ცოტა უფრო ძნელად მისახვედრი, რომ  არაფერი იწარმოება, თუ მისი დანიშნულება მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილება არ არის.

არაეკონომისტისთვის ხშირად რთულია იმის გააზრება, რომ წარმოება და მოხმარება ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. იგი წარმოებას და მოხმარებას წარმოიდგენს ალტერნატიულ, კონკურენტულ ღირებულებებად. ვერ მოვთვლი, რამდენჯერ გამიგია ან წამიკითხავს ეკონომისტების, განსაკუთრებით თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი ეკონომისტების, დადანაშაულება იმაში, რომ მათ ადამიანების შესახებ ზედაპირული ან მეტისმეტად მატერიალისტური ხედვა აქვთ. „ცხოვრებაში მთავარი მომხმარებლობა არ არის!“ - გვეუბნებიან ჩვენ, - „ადამიანებმა ცხოვრების აზრი ოჯახში, საზოგადოებაში და სამუშაოში უნდა ეძიონ!“

ბევრ არაეკონომისტს სიტყვა „მოხმარება“ ყურს სჭრის, რადგან, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას აღნიშნავს. ამ სიტყვას მათთვის თითქმის უარყოფითი კონოტაცია აქვს. მის გაგონებაზე თვალწინ უდგებათ ეგოისტი და მერკანტილური პირები, რომლებიც „მდაბიურ“ სურვილებს იკმაყოფილებენ ისე, რომ არაფრად აგდებენ სხვა ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს ან, ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, სხვა ღირებულებებს.

თუ „მოხმარება“ ასე გვესმის, მაშინ მართალია, რომ ცხოვრება მეტია, ბევრად მეტი, ვიდრე მოხმარება. მაგრამ, ისევ და ისევ, „მოხმარების“ ასეთი გაგება არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სწორი. ეკონომისტების გაგებით, მოხმარება მხოლოდ ჭამას ან „სუპერ ბოულის“ ყურებას ან ძვირფასი სამკაულებით მორთვას არ ნიშნავს. მოხმარება ასევე გულისხმობს კმაყოფილებას, რომელსაც ვიღებთ უსაფრთხო და წარმატებულ საზოგადოებაში ცხოვრებისგან, საყვარელი საქმის კეთებისგან და ჩვენს მეზობლებთან, ჩვენი მრევლის წევრებთან და თანამშრომლებთან სასიამოვნო ურთიერთობისგან. იგი მოიცავს სიხარულს და ცოდნას, რომელსაც ვიღებთ მოგზაურობით, კითხვით და საჯარო ლექციებზე დასწრებით.

მოხმარება, როგორც ის ეკონომისტებს ესმით, არის მრავალი სხვადასხვა ქმედება, რომელთა შესრულებაც, ჩვენი მოლოდინით, პირდაპირ დადებითად იმოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. ის ფაქტი, რომ წარმოების გარეშე მოხმარება ვერ იარსებებს, ეჭვგარეშეა. თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ წარმოება არის საშუალება, ხოლო მოხმარება - მიზანი, არ არსებობს კონფლიქტი მოხმარების „სოციალურ ღირებულებასა“ და წარმოების „სოციალურ ღირებულებას“ შორის. მეტი მოხმარება მოითხოვს მეტ წარმოებას, ხოლო მეტი წარმოება მეტი მოხმარების საშუალებას იძლევა.

სწორედ ამიტომ, განზრახ არავინ ანიჭებს მაღალ ღირებულებას წარმოებას და დაბალ ღირებულებას - მოხმარებას. მეტი წარმოება მეტ მოხმარებას განაპირობებს. იმ ადამიანებს, რომელთა „მაღალი პროდუქტიულობის“ გამო აღტაცებულები ვართ, სწორედ იმიტომ ვასხამთ ხოტბას, რომ ისინი უამრავ საქონელს ან მომსახურებას ქმნიან საკუთარი და სხვების მოხმარებისთვის. ჩვენში შეიძლება აღფრთოვანებას იწვევდეს მუშის შეუპოვრობა და ოსტატობა, რომელიც დაუღალავად ირჯება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი აღფრთოვანების საფუძველი იმის გააზრებაა, რომ ამ შეუპოვრობის და ოსტატობის შედეგად იქმნება ნაწარმი, რომელიც მომხმარებლების სურვილებს აკმაყოფილებს. ასეთ აღტაცებას ვერ დაიმსახურებდა მუშა, რომელიც თავდაუზოგავად და თავაუღებლივ აცხობს ნახერხის და მატლების ღვეზელებს, რადგან მისი საქმიანობა არ შექმნიდა მოხმარების ახალ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის.

ვინაიდან „წარმოება“ ნიშნავს „ადამიანებისთვის მოხმარების შესაძლებლობების შექმნას“, ადამ სმიტი მართალია: მოხმარება მართლაც არის ყოველგვარი წარმოების ერთადერთი შედეგი და მიზანი.

სტატია ეკუთვნის დონალდ ჯეი ბორდოს და ეკონომიკური კვლევის ამერიკულ ინსტიტუტს შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ აქ.