კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

ეკონომიკა გვეხმარება რთულ ადამიანებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობაში

ეკონომიკური განათლების ფონდს
01.01.70

იღვიძებთ იმის გაცნობიერებით, რომ 30 წუთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ. საწოლიდან წამოხტებით, სწრაფად იცვამთ ტანსაცმელს, იღებთ გასაღებს და კარისკენ გარბიხართ. მანქანამდე არმისული ხედავთ, რომ... საბურავები დაგიჭრეს.

თქვენ 30 წლის სტარტაპერი ხართ, მაგრამ უმალ 60 წლის მოხუც ბუზღუნად გადაიქეცით. „ხულიგნები!!! ნაგვები! თუ დაგიჭირეთ... მე ვიცი თქვენი...“

შემდეგ ჩერდებით, გასაოცარი სიმშვიდე ისადგურებს თქვენში. ნუთუ მედიტაციაში ვარჯიშის შედეგია? არა, თქვენს სახეზე უშფოთველობის ნაცვლად ცნობისმოყვარეობა და სიმტკიცე იკვეთება.

ეს არ არის ზენი, ეს ეკონომიკაა.

ნათქვამი ყურით მოთრეული გგონიათ? სულაც არა. ეკონომიკური აზროვნება შესაძლოა ძლიერი ინსტრუმენტი იყოს ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკონომიკა საკუთარი თავის დახმარების ერთ-ერთი ფორმაა.

მოქმედების გააზრება

ეკონომიკის ბირთვია ადამიანის მოქმედების, ანუ მიზანმიმართულად ქცევის კონცეფცია. მოქმედება მოიცავს მიზნის ძიებას საკუთარი პრეფერენციებისა და უპირატესობების მიხედვით, რომლებზეც სტიმულები მოქმედებს.

ყველა მოქმედება რაციონალურია იმ გაგებით, რომ ის მიზეზის, შედეგის და მიზნის მიღწევის შესახებ ხელმისაწვდომ, თუმცა არასწორ და არასრულ ინფორმაციას, ასევე მცდარ და ნაკლოვან იდეებს ეყრდნობა.

ეს შეიძლება საკმაოდ საღ აზრად მივიჩნიოთ, თუმცა ძალიან ხშირად გვეჩვენება, რომ უგულებელვყოფთ ამ ჭეშმარიტებებს. ჩვენი მოძმეების პრობლემატურ ქცევას როცა შევეჩეხებით, მათში ვეძებთ მორალურ დეფექტებს ან ქცევის შესაძლო აბსურდულობას... „ის უბრალოდ მონსტრია“... „იდიოტების ჯგუფი“...

მოდით, ექსტრემალური მაგალითი განვიხილოთ: 11 სექტემბრის შემდეგ და ავღანეთის ომის დაწყებამდე, როდესაც პრესაში მწვავედ განიხილებოდა ოსამა ბინ ლადენის პერსონა, მის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე აშშ-ის მაღალჩინოსანი გენერალი მხოლოდ ერთ პასუხს იძლეოდა: „ის ოფიციალური გიჟია“. არაფერს ამბობდა ტერორისტის მოტივების ან მიზეზების შესახებ, რამდენად სახიფათო და უსამართლოც არ უნდა ყოფილიყო ისინი. თავს არიდებდა საუბარს საკუთარი სტრატეგიის შესახებ, რაოდენ სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო ის. უბრალოდ ამბობდა „ის ოფიციალური გიჟია“. მომაკვდინებელი მტრის შეფასების მიმართ ამგვარი უხეში მიდგომით გასაკვირიც არ არის, რომ ტერორიზმთან ომმა დრამატული კრახი განიცადა.

ასეთმა პასუხმა ადამიანში შესაძლოა გამოიწვიოს უპირატესობის და თვითკმაყოფილების განცდა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ის უსუსურია. ის შეშდება, ჩერდება ყველა სახის ანალიზი, ყველა აზრი, გადაწყვეტილების მიღებისკენ ნებისმიერი სვლა. ამან შეიძლება სხვებზე რაიმე სახის ზემოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებული იმედგაცრუება გამოიწვიოს. და ეს მკვეთრად ამცირებს ადამიანებთან ეფექტურად ურთიერთმოქმედების ინსტრუმენტების რაოდენობას. ინდივიდებს, რომლებიც არაგონიერ და არაადამიანურ დაბრკოლებად მიიჩნევიან, შესაძლოა უბრალოდ მოვერიდოთ ან დავამარცხოთ ძალის გამოყენებით.

საოფისე პოლიტიკის გადალახვა

როგორ მოვიქცეთ, თუ არცერთი ვარიანტი არ განიხილება? მაგალითად, რას ვიზამთ, თუ ვურთიერთობთ კოლეგასთან, რომელიც ყოველთვის ცდილობს პრობლემა შეუქმნას თქვენს სამუშაოს, რომლის მიტოვებასაც არ აპირებთ? მისგან უბრალოდ დამალვას ვერ შეძლებთ. სახეში კომპიუტერის კლავიატურასაც ვერ შეამსხვრევთ, როგორც ეს ჯეიმს მაკევოიმ გაუკეთა კრის პრატს ფილმში „განსაკუთრებით საშიში“. ეკონომიკური აზროვნების გარეშე, ერთადერთი, რასაც მიიღებთ, ეს ბოღმისგან დახრჩობაა. შესაძლოა უმნიშვნელო ნუგეში (და ცოტაოდენი სიხარულიც კი) ჰპოვოთ იმაში, რომ მისი ცხოვრება გაუსაძლისად აქციოთ, მაგალითად ჯიმ ჰალპერტის მსგავსად, როდესაც დვაიტ შრუტის სტეპლერი „ჟელ-ო“-ში ჩადო სერიალში „ოფისი“.

ეკონომიკა გვახსენებს, რაოდენ გარყვნილი, დაუბალანსებელი თუ ზიანის მომტანიც არ უნდა იყოს, ყველა ადამიანი მოქმედებს თავისი უპირატესობების, ინფორმაციის და სტიმულების შესაბამისად. ამიტომ, როდესაც რაღაც გულს გტკენთ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ბოღმაში მოიხარშოთ და სხვების გაკიცხვით დაკავდეთ, შეეცადეთ იბრძოლოთ და შეცვალოთ ამგვარი უპირატესობები, ინფორმაცია და სტიმულები.

რატომ ცდილობს კოლეგა თქვენთვის პრობლემების შექმნას?

შესაძლოა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლა, ვიდრე ფუნქციონირებადი და კოლეგიალური გუნდის ნაწილად ყოფნა.

შესაძლოა ამ უპირატესობებზე მოქმედებდეს იმ ფაქტიდან წარმოშობილი სტიმულები, რომ თქვენმა კომპანიამ დაიწყო კერძო კლიენტების მომსახურებაზე უარის თქმა და სახელმწიფო ხელშეკრულებების გაფორმება. შესაბამისად ორგანიზაცია მეტად ბიუროკრატიული და იერარქიული, ამასთან ეფექტურობასა და მომსახურებაზე ნაკლებად მიმართული გახდა. ამ კონტექსტში გასაკვირი არ არის, რომ თქვენი კოლეგა კარიერულ წინსვლას კოლაბორაციული ღირებულების შექმნაზე წინ დააყენებს.

შესაძლოა მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული ინფორმაცია მას უკარნახებს, რომ კორპორაციულ კიბეზე აღმასვლის ერთადერთი საშუალებაა სხვა ადამიანის ქვემოთ ჩამოგდება.

ახლა, როდესაც უკვე გაქვთ მოსაზრება იმის შესახებ, რატომ გიქმნით კოლეგა პრობლემებს, შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, იმოქმედოთ თუ არა ამგვარი უპირატესობების, ინფორმაციისა თუ სტიმულების შესაცვლელად.

შესაძლებელია თუ არა სტიმულების სტრუქტურის ცვლილება, თუ დააჯერებთ თქვენს უფროსს, რომ სამთავრობო ხელშეკრულებები უარესობისკენ ცვლიან ორგანიზაციის კულტურას და რომ კომპანია კვლავ კერძო კლიენტებს უნდა დაუბრუნდეს?

შესაძლოა თუ არა დაეხმაროთ თქვენს მეტოქეს უპირატესობების ცვლილებაში ერთ-ერთი პროექტის შესრულებაში დახმარების გზით, თუ დაანახებთ მას კარიერული ზრდისთვის ურთიერთთანამშრომლობის დადებით მხარეებს?

შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ინფორმაცია, თუ ურჩევთ მას წიგნს, რომელშიც განხილულია როგორ განავითარებს ღირებულების შექმნა (და არა უბრალოდ რეზიუმეს შევსება) მის კარიერას და შრომით ცხოვრებას?

ლაიფჰაკი

ეკონომიკურად აზროვნება ასევე დაგეხმარებათ ისეთ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელიც შესაძლოა თქვენი მოსისხლე მტერი იყოს... ეს თავად თქვენ ხართ.

ძალიან ხშირად საკუთარ თავს ისევე მკაცრად და არაპროდუქტიულად ვაფასებთ, როგორც სხვებს, აქაც საკუთარი მსჯელობის გამოყენებით. „ურთიერთობებში არ მიმართლებს, რადგან ცუდი ადამიანი ვარ“... „წონაში ვერ ვიკლებ, რადგან ნებისყოფა არ მყოფნის“... „არ მაწინაურებენ იმიტომ, რომ იდიოტი ვარ“...

ეს თვითშეფასების არასწორი საშუალებაა!

და ისევ თქვენ, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მოქმედებთ საკუთარი უპირატესობების, ინფორმაციისა და სტიმულების შესაბამისად. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავის სიძულვილში იძირებოდეთ, დაფიქრდით იმაზე, როგორ შეიძლება შეცვალოთ ამგვარი უპირატესობები, ინფორმაცია ან სტიმულები.

როგორ შეიძლება თქვენი ინფორმაციის კორექტირება ისე, რომ შეცვალოთ საკუთარი არჩევანი? იქნებ შერჩეული დიეტა არ შეგეფერებათ და თქვენ უნდა მოიძიოთ ისეთი კვების განრიგი, რომლითაც შიმშილს არასოდეს იგრძნობთ. იქნებ ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი პარტნიორის მოლოდინები არ ემთხვევა და გჭირდებათ ამ საკითხზე საუბარი და ერთმანეთის გაგება.

როგორ შეიძლება თქვენი სტიმულების სტრუქტურის ცვლილება ისე, რომ თქვენი უპირატესობებიც შეიცვალოს? სახლში ყოფნა თქვენს თვითშეფასებას ამცირებს? რატომ არ გადიხართ გარეთ? სასწავლებელი თრგუნავს თქვენს ინიციატივებს და გამბედაობას? რატომ არ მიატოვებთ მას? სატრანსპორტო დეპარტამენტში ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობა აპათიურად და პირქუშად გაქცევთ? რატომ არ მოდიხართ სამსახურიდან?

პათოლოგიიდან თამაშამდე

როდესაც საკუთარ თავს და სხვებს პათოლოგიურ ქმნილებად, უგონო და ჯიუტ ნადირად აღიქვამთ, ცხოვრება მოსაბეზრებელ სამუშაოდ გადაიქცევა, რომელიც ტანჯვით და მოთმინებით უნდა შეასრულოთ. ეს ნახირში ავტომობილით გზის გაკვლევას წააგავს.

თუმცა, თუ ადამიანობას ეკონომიკური ლინზით შევხედავთ, სწორად დავინახავთ საკუთარ თავსაც და სხვასაც, როგორც გონიერ არსებას დინამიკური უპირატესობებით, ინფორმაციით და სტიმულებით. ცხოვრება თამაშად - დიდ, მრავალმოთამაშიან თამაშად გადაიქცევა, რომელშიც საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს მეგობრების შეძენა და ადამიანებზე ზემოქმედება.

მოცემული სტატია დენ სანჩეზს, ისააკ მ. მორჰაუზს და „ეკონომიკური განათლების ფონდს“ ეკუთვნის, საერთაშორისო ლიცენზიის „Creative Commons Attribution“ 4.0 საფუძველზე. ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.