კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

ეკონომიკურ თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსავლების თაობათაშორისი მობილობისთვის

ვინსენტ ჯელოზოს
01.01.70

უთანასწორობა მწვავე პოლიტიკური საკითხია. ისევე, როგორც შემოსავლების მობილობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრმა ეკონომისტმა ისაუბრა შემოსავლების უთანასწორობასა და შემოსავლების მობილობას შორის უკუპროპორციულ დამოკიდებულებაზე. მასმედიაში მათ მიერ გაწეულ სამუშაოს ეწოდა „დიდი გეტსბის მრუდი“ ფ. სკოტ ფიცჯერალდის 1925 წლის რომანის მიხედვით.

დიდი გეტსბის მრუდი მარტივ, მაგრამ დამაჯერებელ იდეას გადმოსცემს. თუ შემოსავლების უთანასწორობას გამოსახავთ კოორდინატთა ერთ ღერძზე, ხოლო შემოსავლების თაობათაშორის მობილობას (ანუ რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენი მშობლების შემოსავლის დონეზე მეტს გამოიმუშავებთ) – მეორეზე, მიიღებთ უკუპროპორციულ დამოკიდებულებას. რაც უფრო დიდია უთანასწორობა, მით უფრო სუსტია შემოსავლის თაობათაშორისი მობილობა. სხვა თანასწორი პირობების შემთხვევაში, თუ თქვენ დაიბადეთ შემოსავლის კიბის ქვედა საფეხურზე, თქვენ უფრო ნაკლები ალბათობით მოექცევით კიბის თავში, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც დაიბადა ნაკლებად უთანასწორო საზოგადოების ქვედა საფეხურზე.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავალი ვერ გაიზრდება თქვენი მშობლების შემოსავალთან შედარებით. ამას ეწოდება „აბსოლუტური მობილობა“. დიდი გეტსბის მრუდი ეხება „ფარდობით მობილობას“. არამობილური საზოგადოება იქნებოდა ისეთი საზოგადოება, სადაც მოსახლეობის შემოსავლების ქვედა საფეხურზე დაბადებული ბავშვები დარჩებიან ქვედა საფეხურზე მაშინაც კი, თუ ისინი მშობლებზე მეტ ფულს იშოვიან.

რატომ არსებობს კავშირი შემოსავლების უთანასწორობასა და შემოსავლების თაობათაშორის მობილობას შორის? პასუხი მარტივია: შესაძლებლობების გამოყენების უნარი. თუ თქვენ მდიდარ ოჯახში დაიბადეთ, თქვენთვის უფრო ადვილია გამოიყენოთ თქვენი ოჯახის სიმდიდრე, რათა ისარგებლოთ შესაძლებლობებით, რომლებითაც სხვა შემთხვევაში ვერ ისარგებლებდით. უფრო დაბალი შემოსავლის მქონე სოციალურ ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მეორე მხრივ, რესურსების ნაკლებობა ზღუდავთ. მოდით, დავფიქრდეთ ამ მაგალითზე: თუ განათლება არის თქვენს მშობლებზე უფრო მეტი შემოსავლის გამომუშავების გზა და განათლების ღირებულება უფრო ძვირია ღარიბებისთვის (ბევრად მეტი წლის უმუშევრობა და მცირე დანაზოგი), მდიდრები, სავარაუდოდ, უფრო დააბანდებენ ფულს თავიანთ განათლებაში.

ეს განმარტება ელეგანტური და მარტივია. არსებობს ასევე დიდძალი ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ეს რელევანტური ეკონომიკური ფაქტია. ამასთან, ეს არ გულისხმობს რამენაირ ფატალურობას. პრინციპში, ლიტერატურა, რომელმაც შექმნა დიდი გეტსბის მრუდი, როგორც წესი, ყურადღებას ამახვილებს ხოლმე უთანასწორობის მექანიკურ როლზე, სადაც უთანასწორობას ყველგან ერთნაირი უარყოფითი გავლენა აქვს. ინსტიტუტების როლი, ჩვეულებრივ, არ არის გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განიხილება დაბალი მობილობის პრობლემის გადაჭრის ზომები (მაგ. მეტი რედისტრიბუცია, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ინვესტიცია განათლებაში და სხვ.).

ინსტიტუტების გაუთვალისწინებლობა ამ დისკუსიაში პრობლემატურია. მართლაც, ინსტიტუტებს შეუძლიათ შემოსავლის უთანასწორობის ეფექტის შესუსტება, თუ შემოსავლის ყველა ჯგუფში მყოფი ადამიანები იქნებიან სამართლებრივად უფლებამოსილები და მოტივირებულები, რომ საკუთარ თავში ჩადონ ინვესტიცია. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მთავრობამ უამრავი ბარიერი დააწესა ისეთი პროფესიებით დასაქმებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ უნარებს არ მოითხოვს, როგორიცა არის დალაქობა, გამწვანება, ინტერიერის დიზაინი ან კალატოზობა. მსგავსი სამუშაოს მიღების ეს ბარიერები სამართლებრივად უზღუდავს ადამიანებს შესაძლებლობას, რომ შემოსავლების კიბეზე მაღლა აინაცვლონ.

Southern Economic Journal-ში გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში ჯასტინ კალე და მე ვამტკიცებთ, რომ ეკონომიკური თავისუფლება (რითაც ჩვენ ინსტიტუტებს ვგულისხმობთ), უდიდესი ძალაა შემოსავლის მობილობის გასაზრდელად. ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად იურიდიული დაბრკოლებების შემცირების გარდა, ეკონომიკური თავისუფლების კარგად დოკუმენტირებულ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კიბის ძირში მოქცეულთათვის. თუ თანაბარი შემოსავლის მიღება ყველასთვის გარანტირებულია, დამატებითი ერთი პროცენტის შემოსავლის მიღება ოდნავ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობას ღარიბებისთვის, ვიდრე მდიდრებისთვის. უფრო მეტი „აბსოლუტური მობილობის“ დაშვებით, ეკონომიკური თავისუფლება „ფარდობით მობილობასაც“ ზრდის.

ამ სტატიაში ჩვენ ვეყრდნობით თაობათაშორისი ფარდობითი შემოსავლის მობილობის მონაცემებს 120-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მათი შეფასებები, რომლებიც მოიცავს ბევრ ქვეყანას და ეფუძნება 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში დაბადებულ ადამიანებს, ფართოდ არის ხელმისაწვდომი.

შემდეგ ერთმანეთს ვადარებთ შემოსავლების უთანასწორობის და ეკონომიკური თავისუფლების შეფასებებს სხვადასხვა ტესტის მეშვეობით.

როდესაც ვიყენებთ ეკონომიკური თავისუფლების გაერთიანებულ ინდექსს, აღმოვაჩენთ, რომ იგი მეტოქეობას უწევს ეკონომიკური უთანასწორობის ეფექტებს. თუმცა ეს ალბათ ხელოვნურად ამცირებს ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობას, ვინაიდან ინდექსების ზოგიერთ კომპონენტს, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას ზომავს, გაურკვეველი ეფექტები აქვს. მაგალითად, მთავრობის აპარატის ზომას შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს თაობათაშორისი მობილობა. იგი მობილობას თრგუნავს მაღალი გადასახადების გავლენით, რომლებიც ხელს უშლის ინვესტიციების (განსაკუთრებით, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების) განხორციელებას. მას შეუძლია მობილობის გაზრდა, თუ გადასახადებს გამოიყენებს საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად, რომლებითაც არათანაბარზომიერად ისარგებლებენ შემოსავლების კიბის ქვედა საფეხურებზე მყოფნი. მნიშვნელოვანია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სხვადასხვა კომპონენტის განცალკევება.

თუ ასე მოვიქცევით, აღმოვაჩენთ, რომ საკუთრების უფლებების რეგულირება და დაცვა უაღრესად გავლენიანი ფაქტორებია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ეს ორი ქვეკომპონენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოსავლების უთანასწორობა.

ჩვენ ასევე შევაფასეთ და ერთმანეთს შევადარეთ ეკონომიკური თავისუფლების ეფექტი და შემოსავლების უთანასწორობა სრულწლოვანების მიღწევამდე. სრულწლოვანებამდე ეკონომიკური თავისუფლებისა და შემოსავლების უთანასწორობის დონეების გაანალიზების მიზეზი ისაა, რომ ამ პერიოდში ორივე ცვლადის დონე ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, რადგან ცდისა და შეცდომის პროცესები უფრო იაფი ჯდება, როდესაც ადამიანი ახალგაზრდაა. მეტი ეკონომიკური თავისუფლება და ნაკლები შემოსავლის უთანასწორობა მეტი ცდის (და იმედია, ნაკლები შეცდომის) საშუალებას იძლევა, ვიდრე ადამიანი სრულწლოვანებას მიაღწევს. ამ მექანიზმის თვალსაჩინოდ ასახვის მიზნით, ჩვენ გამოვიყენეთ ორივე ცვლადის დონე „მთელი სიცოცხლის განმავლობაში“. ისევ გავიმეორებთ, რომ ჩვენი აზრით ეკონომიკური თავისუფლება ბევრად უფრო მძლავრი განმსაზღვრელია შემოსავლის მობილობისა, ვიდრე უთანასწორობა.

შემოსავლების მობილობისთვის მიძღვნილი ლიტერატურის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა შემოსავლების თაობათაშორისი მობილობის განსაზღვრაში ეკონომიკური თავისუფლების და ინსტიტუტების დაუფასებელი როლის გამოტოვება. პოლიტიკოსებისთვის რეკომენდაციების მიცემისას ეკონომისტები ხშირად სთავაზობენ მათ გადაწყვეტებს, რომლებიც ეყრდნობა მეტ რედისტრიბუციას, ან მინიმუმ, უფრო მიზნობრივ რედისტრიბუციას მაინც. ამ საპირისპიროდ, ჩვენი კვლევის შედეგები გვთავაზობს ამოსავალ პრინციპს, რომ ნაკლები მეტს სჯობია. ანუ ამ შემთხვევაში მეტი ეკონომიკური თავისუფლება სჯობს ნაკლებს.

ეს სტატია მოწოდებულია ვინსენტ ჯელოზოს და ამერიკის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტს, მიერ, შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.